ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1"ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი რჯული: წმიდათა წმიდაა იგი.
- 2იმ ადგილზე, სადაც დაკლავენ სრულადდასაწველს, დანაშაულისთვის შესაწირი დაიკლას და მოეპკუროს მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
- 3შესწიროს მთელი მისი ქონი: დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს;
- 4ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა, მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმელებს.
- 5და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად უფლისთვის. ეს დანაშაულისთვის შესაწირია.
- 6ყოველმა მამრმა მღვდლების შვილთაგან ჭამოს იგი. წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
- 7ერთი რჯული აქვს ცოდვისთვის შესაწირს და დანაშაულისთვის შესაწირს: მღვდელს ეკუთვნის იგი, რომელიც მისი მეშვეობით გამოისყიდის.
- 8თუ ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს სწირავს მღვდელი, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის.
- 9ყოველი ძღვენი პურეულისა, რომელიც თონეშია გამომცხვარი და ყველაფერი, რაც ქოთანში ან ტაფაზეა დამზადებული, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს.
- 10პურეულის ყოველი ძღვენი, ზეთში არეული თუ მშრალი, აჰარონის ყველა ძეს ეკუთვნის, როგორც ერთს, ასევე მეორესაც.
- 11ესაა რჯული სამშვიდობო შესაწირისა, რომელსაც უფალს სწირავენ:
- 12თუ სამადლობელს სწირავს, მაშინ სამადლობელის შეწირვისას შესწიროს ზეთში შეზელილი უფუარი პურები და ზეთწაცხებული უფუარი ნამცხვრები და ზეთში მოზელილი წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები.
- 13გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირი, მადლობის სამშვიდობო შესაწირთან ერთად.
- 14ერთი ნაწილი თითოეული შესაწირიდან უფლისადმი აღსამართი იყოს; იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლს აპკურებს.
- 15სამადლობელი და სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს; დილამდე არაფერი დარჩეს მისგან.
- 16თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს შეიჭამოს, რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს.
- 17დარჩენილი მსხვერპლის ხორცი ცეცხლში დაიწვას მესამე დღეს.
- 18თუ მესამე დღესაც შეიჭმევა სამშვიდობო შესაწირის ხორცი, არ იქნება კეთილსასურველი, არ ჩაეთვლება მის შემწირველს; საძაგლობაა იგი და ვინც შეჭამს, ცოდვას იტვირთავს.
- 19ხორცი, რომელიც რაიმე უწმინდურს შეეხო, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში დაიწვას. ვინც განწმედილია, იმას შეუძლია ჭამოს ხორცი.
- 20ვინც წაბილწულია და შეჭამს უფლის სამშვიდობო შესაწირის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან;
- 21ვინც რაიმე არაწმიდას შეეხება, ადამიანურ სიბილწეს ან არაწმიდა პირუტყვს, ან რაიმე არაწმიდა ქვემძრომს და შეჭამს უფლის სამშვიდობო შესაწირის ხორციდან, თავისი ხალხიდან უნდა მოიკვეთოს”.
- 22უთხრა უფალმა მოსეს:
- 23"უთხარი ისრაელის შვილებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის და არც თხის ქონი.
- 24ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში; ჭამით კი არ ჭამოთ,
- 25რადგან ვინც უფლისთვის საცეცხლო შესაწირად შეწირული პირუტყვის ქონს შეჭამს, მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
- 26არავითარი სისხლი არ ჭამოთ თქვენს სადგომებში: არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
- 27ყოველი სული, რომელიც შეჭამს ამა თუ იმ სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან”.
- 28უთხრა უფალმა მოსეს:
- 29"უთხარი ისრაელის შვილებს: უფლისადმი სამშვიდობო შესაწირის შემწირველმა მიართვას თავისი შესაწირი უფალს თავისი სამშვიდობო შესაწირიდან.
- 30თავისი ხელით მიართვას საცეცხლო შესაწირი უფალს: ქონი მკერდთან ერთად მიართვას, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
- 31დააკმევს მღვდელი ქონს სამსხვერპლოზე, მკერდი კი აჰარონისა და მისი ძეებისაა.
- 32მარჯვენა ბეჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღვლენის შესაწირი თქვენი სამშვიდობო შესაწირიდან.
- 33მარჯვენა ბეჭი ექნება ულუფად აჰარონის ძეს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლსა და ქონს შესწირავს.
- 34რადგან შესარხეველი მკერდი და აღსავლენი ბეჭი ავიღე მე ისრაელის ძეთაგან, მათ სამშვიდობო შესაწირთაგან და მივეცი ისინი აჰარონ მღვდელს და მის ძეებს, საუკუნო წესად ისრაელის ძეთათვის.
- 35ეს არის წილი აჰარონისა და წილი მისი ძეებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლო შესაწირიდან, იმ დღიდან, რაც წარდგენილ იქნენ ისინი მსახურ მღვდლებად უფლის წინაშე;
- 36როგორც ბრძანა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ესაა საუკუნო წესი მათი თაობებისთვის.
- 37ესაა რჯული ყოვლადდასაწველისა, პურეული შესაწირის, ცოდვისათვის შესაწირის, დანაშაულის გამო შესაწირის, მიძღვნისა და სამშვიდობო შესაწირისა,
- 38რომელიც სინაის მთაზე უბრძანა მოსეს უფალმა, იმ დღეს, როცა უბრძანა ისრაელის შვილებს თავის მსხვერპლთა შეწირვა უფლისთვის სინაის უდაბნოში”.
იტვირთება შემდეგი თავი