ლევიანნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1და უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"თუ შესცოდავს ვინმე, იმუხთლებს უფლის წინაშე და უპატიოსნოდ მოექცევა თავის მოყვასს, უარს იტყვის შესანახად ან გირაოდ მიცემულ ნივთზე, ან მოსტაცებს რასმე, ან გაძარცვავს თავის მოყვასს;
- 3ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ან ცრუდ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი სჩადის და სცოდავს;
- 4თუ ასე მოიქცა და დადანაშაულდა, დაე დააბრუნოს მიტაცებული, რაც მიიტაცა, ან გაძარცვული, ან მიბარებული, რაც მიაბარეს, ან დაკარგული, რაც იპოვა.
- 5ნებისმიერი რამ, რისთვისაც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა აანაზღაუროს და მეხუთედიც დაუმატოს იმას, ვისაც ეკუთვნის, მისი დანაშაულის აღიარების დღეს.
- 6თვითონ კი მიიტანოს უფალთან ფარის უნაკლო ვერძი, შენი შეფასებით, როგორც დანაშაულის შესაწირი მღვდელთან.
- 7გამოისყიდის მას მღვდელი უფლის წინაშე და ეპატიება მას ყოველივე, რაშიც დადანაშაულდა”.
- 8უთხრა უფალმა მოსეს:
- 9"უბრძანე აჰარონსა და მის ძეებს: ეს არის-თქო სრულადდასაწველის რჯული: სამსხვერპლოს კოცონზე უნდა იდოს მთელი ღამე, დილამდე; მუდმივად ენთოს მასზე სამსხვერპლოს ცეცხლი.
- 10შეიმოსოს მღვდელმა სელის სამოსელი და ქვედა საცვალიც სელისვე ჩაიცვას, აიღოს ფერფლი სამსხვერპლოდან, სადაც სრულადდასაწველი დაწვა ცეცხლმა და მიუდოს იგი სამსხვერპლოს.
- 11გაიხადოს სამოსელი, სხვა ჩაიცვას და გამოიტანოს ფერფლი სუფთა ადგილზე, ბანაკის გარეთ.
- 12ენთოს ცეცხლი სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; შეუკეთოს მღვდელმა შეშა ყოველ დილით და განალაგოს მასზე სრულადდასაწველი და ზედვე დააკმიოს სამშვიდობო შესაწირის ქონი.
- 13მუდმივად გიზგიზებდეს ცეცხლი სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს.
- 14ეს არის პურეული ძღვენის რჯული: აჰარონის ძეებმა შესწირონ იგი უფალს, სამსხვერპლოს წინ.
- 15აიღოს მისგან პეშვით პურეული ძღვენის გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი, რომელიც პურეულის ძღვენზეა და დააკმიოს სამსხვერპლოზე მისი მოსაგონარი წილი, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.
- 16მისგან მონარჩენი კი აჰარონმა და მისმა ძეებმა შეჭამონ; წმიდა ადგილზე, საკრებულო კარვის ეზოში შეიჭამოს, საფუარის გარეშე.
- 17საფუარით ნუ გამოცხვება იგი, მე მივეცი მათ ჩემი წილი სრულადდასაწველი შესაწირისგან, წმიდათა წმიდაა იგი, როგორც ცოდვისა და დანაშაულის შესაწირი.
- 18აჰარონის შთამომავალთაგან ყოველ მამაკაცს აქვს უფლის სრულადდასაწველ შესაწირთაგან ჭამის უფლება, სამარადისო წესია ეს თქვენთვის და ყოველი, ვინც მათ შეეხება, განიწმინდება”.
- 19უთხრა უფალმა მოსეს:
- 20"ესაა აჰარონისა და მისი ძეების შესაწირი, რომელსაც შესწირავენ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისა - მუდმივ ძღვნად; ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს.
- 21ტაფაზე, ზეთში უნდა მომზადდეს, შეკაზმული, ნამცხვრის წილობებად, პურეულის ძღვენივით საამო კეთილსურნელებად შესწიროს იგი უფალს.
- 22აჰარონის ძეთაგან, მის მაგიერ ცხებულმა მღვდელმა, უნდა შეასრულოს ეს. სამარადისო წესად გქონდეთ. მთლიანად უფლისთვის უნდა დაეკმიოს იგი.
- 23მღვდლის ყოველი პურეული შესაწირი მთლიანად დაეკმიოს, არ შეიჭამოს”.
- 24უთხრა უფალმა მოსეს:
- 25"უთხარი აჰარონსა და მის ძეთ: ეს არის-თქო ცოდვის მსხვერპლის რჯული: იმ ადგილზე დაიკლას ცოდვის მსხვერპლიც, სადაც სრულადდასაწველი იკვლება უფლის წინაშე; წმიდათა წმიდაა იგი.
- 26მღვდელს, რომელმაც ცოდვისთვის შესწირა, შეუძლია შეჭამოს იგი; წმიდა ადგილზე შეიჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში.
- 27ყველა, ვინც შეეხება მის ხორცს, განიწმიდება; როცა მისი სისხლიდან სამოსელს მიესხურება, გარეცხოს იგი, სადაც მიესხურება, წმიდა ადგილზე.
- 28თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი იხარშებოდა, დაიმსხვრეს; ხოლო, თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, მაშინ საგულდაგულოდ გამოიწმიდოს იგი და წყალი გამოევლოს.
- 29მღვდლების შვილთაგან ყოველ მამაკაცს შეუძლია ჭამოს მისგან. წმიდათა წმიდაა იგი.
- 30ცოდვის ყოველი შესაწირი, რომლის სისხლიც საკრებულო კარავში იქნება შეტანილი საწმიდარში გამოსასყიდად, არ შეიჭამოს: ცეცხლზე დაიწვას.
იტვირთება შემდეგი თავი