ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1ერთხელ, რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა; როცა დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: "უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს”.
- 2უთხრა მათ: "როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა.
- 3პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე.
- 4და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.
- 5უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, მიადგეს შუაღამისას და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
- 6რადგან ნამგზავრი მეგობარი მესტუმრა და არაფერი გამაჩნიაო, რომ შევთავაზო!
- 7მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ჩემთან მიწვანან ლოგინში, არ შემიძლიაო წამოდგომა და პურის მოცემა;
- 8გეუბნებით: მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს პურის მისაცემად, მომაბეზრებლობის გამო მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება.
- 9მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
- 10ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
- 11რომელი თქვენგანი იქნება ისეთი მამა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და მან თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ანდა პური სთხოვოს და ქვა მისცეს?
- 12ანდა კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს?
- 13ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.
- 14და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.
- 15ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
- 16ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.
- 17იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა დაყოფილი, გაპარტახდება და თავისავე წინააღმდეგ გაყოფილი სახლი დაეცემა.
- 18თუ თავისავე წინააღმდეგ დაიყოფა სატანა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? რადგან ამბობთ, რომ ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს.
- 19თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
- 20ხოლო თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო!
- 21როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
- 22მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.
- 23ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა; ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს.
- 24როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.
- 25მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოწესრიგებულს.
- 26მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება”.
- 27სანამ ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აიმაღლა ხალხიდან და თქვა: "ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა და ძუძუნი, რომლებსაც სწოვდი”.
- 28მან კი თქვა: "ნეტარი ის არის, ვინც ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას”.
- 29ვინაიდან ხალხი გროვდებოდა, იწყო ლაპარაკი: "ეს თაობა ბოროტი თაობაა; ნიშანს ითხოვს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.
- 30ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ისე იქნება ამ თაობისთვის ძე კაცისა.
- 31სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
- 32ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით; და აჰა, აქ არის იონაზე დიდი”.
- 33არავინ ანთებს ლამპარს, რომ დაფარულ ადგილას ან ჭურჭლის ქვეშ დადგას, არამედ სალამპრეზე, რათა სინათლეს ხედავდნენ შემოსულნი.
- 34სხეულის ლამპარი თვალია; როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია; მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
- 35გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!
- 36თუ მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად განათებული იქნება, თითქოს ლამპარი გინათებდეს თავისი ელვარებით”.
- 37ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ესადილა; ისიც შევიდა და სუფრას მიუჯდა.
- 38გაუკვირდა ფარისეველს, როცა ნახა, რომ სადილის წინ არ დაიბანა.
- 39უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.
- 40უგუნურნო, განა შინაგანიც გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა?
- 41ჰოდა გაეცით მოწყალებად, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და აჰა, სუფთა გექნებათ ყველაფერი.
- 42მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!
- 43ვაი თქვენ, ფარისეველნო, სინაგოგებში წინა ადგილებზე ჯდომა და მოედნებზე მოსალმებანი რომ გიყვართ!
- 44ვაი თქვენ, რადგან უხილავი სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!”
- 45ამაზე რჯულის ერთ-ერთმა მცოდნემ უთხრა: "მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვლანძღავ”.
- 46მან კი უთხრა: "ვაი თქვენც, რჯულისმცოდნენო, ვინაიდან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!
- 47ვაი თქვენ, წინასწარმეტყველთა სამარხებს რომ აშენებთ, თუმცა თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი!
- 48ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ.
- 49ამიტომაც თქვა ღმერთის სიბრძნემ: მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და ზოგს დახოცავენ მათგან, ზოგს კი განდევნიან.
- 50რათა ამ თაობას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის დაფუძნებიდან დაღვრილა -
- 51აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. გეუბნებით, ამ თაობას მოჰკითხავენ.
- 52ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, ვინაიდან წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შესულხართ და შემსვლელებიც შეაფერხეთ”.
- 53როცა იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გაშმაგებით შეუტიეს და მრავალი კითხვით აიძულებდნენ ელაპარაკა,
- 54რათა ისეთი რამ ეთქმევინებინათ, რომ მერე ბრალი დაედოთ მისთვის.
იტვირთება შემდეგი თავი