ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 12

  1. 1
    ამასობაში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, ისე რომ ერთმანეთს თელავდნენ. იესომ ჯერ თავის მოწაფეებს მიმართა: "მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც თვალთმაქცობაა.
  2. 2
    რადგან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
  3. 3
    ამიტომ, რასაც ბნელში იტყვით, სინათლეზე მოისმენენ, და რასაც ოთახებში ჩასჩურჩულებთ ერთმანეთს, ერდო-ბანებზე გახმაურდება.
  4. 4
    გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, იმათი ნუ შეგეშინდებათ, ვინც სხეულს კლავს და ამის მეტი აღარაფრის გაკეთება შეუძლია.
  5. 5
    გიჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც მოკვლის შემდეგ გეენაში ჩაგდების ხელმწიფება აქვს. აჰა, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
  6. 6
    განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე.
  7. 7
    თქვენს თავზე კი ყოველი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
  8. 8
    ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, ძე კაცისაც აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე.
  9. 9
    ხოლო, ვინც ადამიანთა წინაშე უარმყოფს, თავადაც უარყოფილი იქნება ღმერთის ანგელოზთა წინაშე.
  10. 10
    და ყველას, ვინც ძე კაცისას წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება.
  11. 11
    სინაგოგებში რომ შეგიყვანენ მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იდარდებთ, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ.
  12. 12
    რადგან სულიწმიდა გასწავლით იმ დროს, რაც უნდა ილაპარაკოთ”.
  13. 13
    ხალხიდან ვიღაცა შეესიტყვა: "მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ მემკვიდრეობა გამიყოს”.
  14. 14
    მან კი უთხრა მას: "ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?”
  15. 15
    უთხრა: "იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.
  16. 16
    და უთხრა მათ იგავი: "ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.
  17. 17
    იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი?
  18. 18
    თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.
  19. 19
    და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
  20. 20
    მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?
  21. 21
    ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.
  22. 22
    უთხრა თავის მოწაფეებს: "ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ დარდობთ თქვენს თავზე - რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის - რით შეიმოსოთ.
  23. 23
    რადგან სული საზრდოზე მეტია და სხეული - სამოსელზე.
  24. 24
    ყორნებს დააკვირდით: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლები აქვთ, არც საწყობი და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?
  25. 25
    რომელ თქვენგანს შეუძლია, დარდით ერთი საათი მაინც შემატოს თავის სიცოცხლეს?
  26. 26
    მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, დანარჩენზე რაღად დარდობთ?
  27. 27
    დაუკვირდით შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც ჯაფა აქვთ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
  28. 28
    თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასეთნაირად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
  29. 29
    ამიტომ ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.
  30. 30
    რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ხალხები ეძიებენ; თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ეს ყველაფერი.
  31. 31
    მაშ, ეძიეთ ღმერთის სამეფო და ყოველივე ეს შეგემატებათ.
  32. 32
    ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ კეთილინება თქვენთვის ცათა სამეფოს მოცემა.
  33. 33
    გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს.
  34. 34
    რადგან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.
  35. 35
    დე, იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი - ანთებული.
  36. 36
    იმ ადამიანთა მსგავსად, თავიანთი ბატონის დაბრუნებას რომ ელიან ქორწილიდან, რათა როგორც კი დააკაკუნებს, იმწამსვე გაუღონ.
  37. 37
    ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ჰპოვებს. ჭეშმარიტად გეტყვით, შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება.
  38. 38
    მეორე ან მესამე გუშაგობისას რომ მოვიდეს და ასე ჰპოვოს, ნეტარ არიან ისინი.
  39. 39
    ესეც იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის გატეხვას არ დაანებებდა.
  40. 40
    ამიტომ მზად იყავით, რადგან, როცა არ მოელით, მაშინ მოვა ძე კაცისა”.
  41. 41
    პეტრემ ჰკითხა: "უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები თუ ყველას?”
  42. 42
    უთხრა უფალმა: "ვინ არის ერთგული და გონიერი სახლმართველი, რომელსაც თავის მსახურებზე დააყენებს ბატონი, დროულად რომ მისცეს მათ ულუფა?
  43. 43
    ნეტარია ის მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამის მოქმედს ჰპოვებს მას.
  44. 44
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას.
  45. 45
    ხოლო თუ იტყვის ეს მონა თავის გულში: აგვიანებსო მოსვლას ჩემი ბატონი და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმასა და ლოთობას,
  46. 46
    მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, რომელზეც არ ფიქრობს, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.
  47. 47
    ის მონა კი, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად იგვემება.
  48. 48
    ხოლო, რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ გვემა დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ; ვისაც მეტს მიანდობენ, მეტსაც მოჰკითხავენ.
  49. 49
    ქვეყანაზე ცეცხლის დასანთებად მოვედი და როგორ მინდა, რომ უკვე ენთოს.
  50. 50
    ნათლობით უნდა მოვინათლო და როგორ ვწუხვარ, ვიდრე ეს აღსრულდება.
  51. 51
    გგონიათ, ქვეყანაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ, გასაყოფად.
  52. 52
    რადგან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში, სამნი ორის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ.
  53. 53
    გაიყოფიან, მამა ძის წინააღმდეგ და ძე - მამის წინააღმდეგ; დედა - ასულისა და ასული დედის წინააღმდეგ”.
  54. 54
    ხალხსაც უთხრა: "როცა დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე იტყვით: იწვიმებსო, და ასეც ხდება.
  55. 55
    ხოლო, როცა სამხრეთის ქარი დაუბერავს, იტყვით: დაცხებაო, და ხდება.
  56. 56
    თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?
  57. 57
    თავად რაღატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი?
  58. 58
    როცა მეტოქესთან ერთად მიდიხარ მთავართან, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მოსამართლესთან არ მიგიყვანოს, მოსამართლემ მოხელეს არ გადაქცეს და მოხელემ საპყრობილეში არ ჩაგაგდოს.
  59. 59
    გეუბნები, ვეღარ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ ლეპტასაც არ გადაიხდი”.
იტვირთება შემდეგი თავი