ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი და უამბეს გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლიც მათ მსხვერპლთა სისხლს შეურია პილატემ.
- 2იესომ უთხრა მათ: "გგონიათ, რომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ეწამნენ?
- 3არა, გეუბნებით! არამედ, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!
- 4ან ხომ არ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის დანარჩენი მკვიდრნი?
- 5არა, გეუბნებით! თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!”
- 6უთხრა ეს იგავი: "ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა.
- 7უთხრა მევენახეს: აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნად და ვერ ვპოულობ. მოჭერი, ტყუილად რად უნდა ფიტავდეს მიწას?
- 8მან კი მიუგო პასუხად: ბატონო, ამ წელიწადსაც დატოვე, ძირს შემოვუთოხნი და ნაკელს მოვაყრი;
- 9იქნებ გამოიღოს ნაყოფი. თუ არა და, მოჭერი”.
- 10შაბათს ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.
- 11და აჰა, დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით იყო შეპყრობილი; დაკრუნჩხული, წელში ვერ იმართებოდა.
- 12დაინახა იგი იესომ, მოიხმო და უთხრა: "დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისგან”.
- 13დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.
- 14სინაგოგის უფროსი კი გაჯავრდა, შაბათს რომ განკურნა იესომ და უთხრა ხალხს: "ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება; ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს - არა”.
- 15უფალმა კი უთხრა პასუხად: "თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად?
- 16ეს კი აბრაჰამის ასულია, რომელიც აგერ უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრა სატანამ. განა არ შეიძლებოდა ამ ხუნდებიდან შაბათ დღეს მისი გათავისუფლება?”
- 17როცა ამას ლაპარაკობდა, მის ყველა მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის მიერ ქმნილი დიდებული საქმეების გამო.
- 18მან თქვა: "რისი მსგავსია ღმერთის სამეფო და რას მივამსგავსო იგი?
- 19მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.
- 20კვლავ თქვა: "რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო?
- 21იგი წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა”.
- 22დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და იერუსალიმისკენ მიემართებოდა.
- 23ვიღაცამ ჰკითხა: "უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?” მან უთხრა:
- 24"ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.
- 25როცა სახლის პატრონი წამოდგება და კარს დაკეტავს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: უფალო, უფალო, გაგვიღე! მაგრამ ის პასუხად მოგიგებთ: არ გიცნობთ, საიდან ხართ.
- 26მაშინ ეტყვით: შენ წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.
- 27მაგრამ ის მოგიგებთ: გეუბნებით, არ გიცნობთ, საიდან ხართ. გამშორდით, ყოველნო მოქმედნო უსამართლობისა!
- 28და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სამეფოში, თქვენს თავს კი - გარეთ განდევნილებს.
- 29მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და დასხდებიან ღმერთის სამეფოში.
- 30და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომლებიც პირველნი იქნებიან, და პირველნი, რომლებიც უკანასკნელნი იქნებიან!”
- 31ამ დროს მოვიდა ზოგი ფარისეველთაგანი და უთხრა: "წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს უნდა შენი მოკვლა”.
- 32უთხრა მათ: "წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღეს და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.
- 33მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალაც და ზეგაც, რადგან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს!
- 34იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლველო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი კრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ისურვეთ!
- 35აჰა, ოხრად გრჩებათ სახლი. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!”
იტვირთება შემდეგი თავი