ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 21

  1. 1
    აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში თავიანთ შესაწირს ყრიდნენ მდიდრები.
  2. 2
    დაინახა ღარიბი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.
  3. 3
    თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო,
  4. 4
    ვინაიდან ყველამ მოჭარბებულიდან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირიდან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა”.
  5. 5
    როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებითა და შეწირულობებით არისო დამშვენებულიო, მიუგო:
  6. 6
    "დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
  7. 7
    მათ ჰკითხეს: "მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?”
  8. 8
    მან კი უთხრა: "იფხიზლეთ, რომ არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, მე ვარ და მოახლოებულიაო ის ჟამი. ნუ გაჰყვებით მათ.
  9. 9
    ომებისა და შფოთის ამბებს რომ შეიტყობთ, ნუ შეძრწუნდებით; ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან მყისვე არ დადგება აღსასრული”.
  10. 10
    უთხრა მათ: "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.
  11. 11
    იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებები და დიდი ნიშნები ზეციდან;
  12. 12
    მაგრამ სანამ ეს ყოველივე მოხდება ხელს დაგადებენ ჩემი სახელის გამო და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს გადაგცემენ, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ.
  13. 13
    ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
  14. 14
    ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი.
  15. 15
    რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
  16. 16
    გადაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ზოგიერთ თქვენგანს კი მოკლავენ.
  17. 17
    და ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო.
  18. 18
    მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
  19. 19
    მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სულები.
  20. 20
    ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს რომ დაინახავთ, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრების დღე.
  21. 21
    მაშინ, ვინც იუდეას იქნება, მთებში გაიხიზნოს; ვინც იერუსალიმში - გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად იქნება, ნუღარ დაბრუნდება უკან.
  22. 22
    რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
  23. 23
    ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, რადგან დიდი უბედურება იქნება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
  24. 24
    მახვილის პირით დაეცემიან, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში და წარმართნი გათელავენ იერუსალიმს, სანამ არ დასრულდება წარმართთა დღეები.
  25. 25
    იქნება ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, დედამიწაზე კი ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვისა და ტალღების ღრიალის გამო.
  26. 26
    ხალხს გული წაუვა შიშით და დედამიწაზე მომავალთა მოლოდინით, რადგან შეირყევიან ციური ძალები.
  27. 27
    მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს, ძალითა და დიადი დიდებით.
  28. 28
    როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა”.
  29. 29
    უთხრა მათ იგავი: "შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
  30. 30
    როცა გაიკვირტებიან, შეხედავთ და ხვდებით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
  31. 31
    ასევე, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღმერთის სამეფო.
  32. 32
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.
  33. 33
    ცა და დედამიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან!”
  34. 34
    "გაფრთხილდით, რომ არ დაგიმძიმდეთ გულები ღრეობით, ლოთობითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე.
  35. 35
    ვინაიდან მახესავით დაეცემა თავს მთელი დედამიწის მკვიდრთ.
  36. 36
    ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!”
  37. 37
    დღისით იესო ტაძარში იყო და ასწავლიდა, ღამღამობით კი ზეთისხილისად წოდებულ მთაზე ადიოდა.
  38. 38
    დილაობით დიდძალი ხალხი მიდიოდა ტაძარში მის მოსასმენად.
იტვირთება შემდეგი თავი