ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1და აი, პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაულიც მოახლოვდა.
- 2მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ხერხს ეძებდნენ, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
- 3და შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.
- 4წავიდა და მოელაპარაკა მღვდელმთავრებსა და მცველთა მეთაურებს, როგორ გაეცა მათთვის იესო.
- 5გაუხარდათ და დათანხმდნენ ვერცხლის მიცემას.
- 6მანაც აღუთქვა და მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რომ ხალხის დაუსწრებლად გაეცა იგი.
- 7დადგა უფუარობის დღე, როცა საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო.
- 8იესომ პეტრე და იოანე გაგზავნა და უთხრა: "წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ”.
- 9ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოვამზადოთ?”
- 10უთხრა: "აჰა, ქალაქში რომ შეხვალთ, კაცი შემოგხვდებათ, რომელსაც წყალი მიაქვს დოქით და იმ სახლამდე მიჰყევით, რომელშიც შევა;
- 11უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარი გეკითხება-თქო: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?
- 12და გიჩვენებთ ის დიდ მოფარდაგებულ ზედათვალს; იქ მოამზადეთ”.
- 13წავიდნენ და იპოვეს, როგორც უთხრა მათ. და მოამზადეს პასექი.
- 14ჟამმა რომ მოაღწია, დაჯდა იგი და მოციქულებიც დასხდნენ მასთან ერთად.
- 15უთხრა მათ: "დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
- 16ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში”.
- 17აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: "აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის.
- 18რადგან, გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო”.
- 19აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: "ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”.
- 20ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.
- 21აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.
- 22ძე კაცისა განწესებისამებრ მიდის, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც მას გასცემს”.
- 23და იწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.
- 24ასევე დავობდნენ, რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.
- 25მან კი უთხრა: "წარმართებზე მეფეები ბატონობენ და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.
- 26თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის დიდი იყოს როგორც მცირე, ხოლო უფროსი - როგორც მსახური.
- 27რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.
- 28თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
- 29და მეც ისევე გაძლევთ სამეფოს, როგორც მე მომცა მამაჩემმა,
- 30რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად”.
- 31და თქვა უფალმა: "სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.
- 32მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები”.
- 33მან კი უპასუხა: "უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც”.
- 34ხოლო მან უთხრა: "შენ გეუბნები, პეტრე, დღეს მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ”.
- 35უთხრა მათ: "ქისის, აბგისა და ფეხსაცმლის გარეშე რომ გაგაგზავნეთ, თუ გაკლდათ რამე?” უპასუხეს მათ: "არაფერი”.
- 36მაშინ უთხრა: "ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე აბგა; ხოლო ვისაც არა აქვს მახვილი, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს.
- 37თქვენ გეუბნებით, რომ უნდა აღსრულდეს ჩემზე დაწერილი: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა’, რადგან ის, რაც ჩემზეა დაწერილი, დასასრულს უახლოვდება”.
- 38მათ უთხრეს: "უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია”. მიუგო მან: "საკმარისია”.
- 39გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, ზეთისხილის მთისკენ გაემართა. მოწაფეებიც გაჰყვნენ.
- 40ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: "ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
- 41თვითონ ქვის სასროლ მანძილზე გაშორდა მათ, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.
- 42ამბობდა: "მამაო! თუ გნებავს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი”.
- 43ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.
- 44ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა; მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა.
- 45ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და მწუხარებისგან ჩაძინებულები ნახა ისინი.
- 46უთხრა: "რატომ გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
- 47ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა ხალხი რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, რომელიც იუდად იწოდებოდა; და საამბოროდ მიუახლოვდა იესოს.
- 48უთხრა იესომ: "იუდა, ამბორით გასცემ ძე კაცისას?”
- 49მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: "უფალო, დავცხოთ მახვილი?”
- 50ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.
- 51მაშინ იესომ უთხრა: "თავი დაანებეთ, კმარა!” შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.
- 52უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მეთაურებსა და უხუცესებს: "როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად.
- 53ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და არ აღგიმართავთ ხელი ჩემზე; მაგრამ თქვენია ეს ჟამი და სიბნელის ხელმწიფება”.
- 54და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და შეიყვანეს მღვდელმთავრის სახლში. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.
- 55შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.
- 56ერთმა მხევალმა ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააცქერდა და თქვა: "ესეც მასთან ერთად იყო”.
- 57მაგრამ მან უარყო და თქვა: "დედაკაცო, არ ვიცნობ მას”.
- 58ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: "შენც ერთი მათგანი ხარ”. მაგრამ პეტრემ მიუგო: "არა ვარ, ადამიანო”.
- 59დაახლოებით ერთი საათი რომ გავიდა, სხვამაც დაიწყო დაჟინებით მტკიცება, ამბობდა: "ნამდვილად ესეც მას ახლდა, რადგან გალილეველია”.
- 60პეტრემ კი მიუგო იმ კაცს: "ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ”. და უცებ, ამას რომ ამბობდა, მამალმა იყივლა.
- 61მაშინ შემობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, მას რომ უთხრა: დღეს, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო,
- 62გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
- 63ხოლო კაცნი, რომელთაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, დასცინოდნენ და სცემდნენ მას.
- 64თვალები აუხვიეს სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო?
- 65და კიდევ მრავალნაირად გმობდნენ.
- 66როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები; და მიიყვანეს იესო თავიანთ სინედრიონში.
- 67უთხრეს: "თუ ქრისტე ხარ, გვითხარი”. უთხრა: "რომ გითხრათ, არ მერწმუნებით,
- 68და რომ გკითხოთ, არ მიპასუხებთ.
- 69მაგრამ ამიერიდან ღმერთის ძალის მარჯვნივ დაჯდება ძე კაცისა”.
- 70მაშინ თქვა ყველამ: "მაშ, შენა ხარ ღმერთის ძე?” მიუგო: "თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ”.
- 71მათ კი თქვეს: "მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? თვითონვე მოვისმინეთ მისი პირიდან”.
იტვირთება შემდეგი თავი