ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1წამოიშალა მთელი ხალხი და პილატესთან წაიყვანეს.
- 2შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: "ვნახეთ, რომ ჩვენს ხალხს აქეზებდა იგი და კეისრისთვის ხარკის მიცემას უკრძალავდა, თავის თავს კი ცხებულ მეფეს უწოდებდა”.
- 3ჰკითხა მას პილატემ: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” ხოლო მან მიუგო: "შენ ამბობ”.
- 4უთხრა პილატემ მღვდელმთავრებსა და ხალხს: "მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში”.
- 5მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: "ეგ აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე”.
- 6ეს რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: "განა, გალილეველია ეს კაცი?”
- 7და როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს მხარიდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თვითონაც იერუსალიმში იმყოფებოდა.
- 8დაინახა რა იესო, ჰეროდეს ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხანია უნდოდა მისი ნახვა; ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს მაჩვენებსო.
- 9ბევრ რამეს შეეკითხა, მაგრამ მან არაფერი უპასუხა.
- 10მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით სდებდნენ მას ბრალს.
- 11ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა და დასცინოდა მას, ბრწყინვალე სამოსელი ჩააცვა და უკან გაუგზავნა პილატეს.
- 12იმ დღეს პილატე და ჰეროდე ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა მანამდე მტრობდნენ ერთიმეორეს.
- 13პილატემ მღვდელმთავრებს, მთავრებსა და ხალხს მოუხმო.
- 14უთხრა მათ: "თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი. და აჰა, მე გამოვიძიე თქვენს წინაშე და ვერ ვპოვე ამ კაცში ვერავითარი დანაშაული, რაშიც ადანაშაულებთ;
- 15ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამომიგზავნა იგი. აჰა, არაფერი ჩაუდენია მას სიკვდილის ღირსი.
- 16ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ”.
- 17რადგან სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ.
- 18მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: "ეგ მოაშორე და ბარაბა გაგვითავისუფლე”.
- 19ბარაბა ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობის გამო იყო ჩაგდებული საპყრობილეში.
- 20პილატემ კვლავ მიმართა ხალხს, რადგან იესოს გაშვება უნდოდა.
- 21ისინი კი გაჰყვიროდნენ: "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი”.
- 22მან მესამედ მიმართა მათ: "რა ბოროტება ჩაიდინა? სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ”.
- 23ისინი კი დაჟინებით მოითხოვდნენ და გაჰყვიროდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იესო; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავრების ხმამ.
- 24პილატემ გადაწყვიტა, მათი მოთხოვნა შეესრულებინა;
- 25შფოთისა და მკვლელობისთვის საპყრობილეში ჩაგდებული გაუშვა, იესო კი მათ ნებას გადასცა.
- 26როდესაც წაიყვანეს, გზაში დაიჭირეს ყანიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და ჯვარი აჰკიდეს, რომ იესოს კვალდაკვალ ეტარებინა.
- 27უკან დიდძალი ხალხი და დედაკაცები მიჰყვებოდნენ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.
- 28მიუბრუნდა მათ იესო და უთხრა: "იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავსა და შვილებზე იტირეთ.
- 29რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უკვებიათ!
- 30მაშინ მთებს ეტყვიან: ზედ დაგვემხეთ! ხოლო მაღლობებს: დაგვფარეთ ჩვენ!
- 31ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?”
- 32და მასთან ერთად ორი ავაზაკიც მიჰყავდათ სასიკვდილოდ.
- 33თხემად წოდებულ ადგილზე რომ მივიდნენ, იქ აცვეს ჯვარს ისიც და ავაზაკებიც - ერთი მის მარჯვნივ, მეორე კი - მარცხნივ.
- 34თქვა იესომ: "მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.
- 35იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: "სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ქრისტეა, ღმერთის რჩეული!”
- 36ჯარისკაცებიც დასცინოდნენ, მიდიოდნენ და ძმარს სთავაზობდნენ;
- 37და ეუბნებოდნენ: "თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი”.
- 38მის ზემოთ ბერძნული, რომაული და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა იყო: "ეს არის იუდეველთა მეფე".
- 39ერთი ჩამოკიდებული ავაზაკი გმობდა მას: "განა ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც”.
- 40მეორე გაუჯავრდა და უთხრა: "ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?
- 41ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია”.
- 42და უთხრა: "იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში მიხვალ”.
- 43იესომ უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”.
- 44უკვე დღის ექვსი საათი იქნებოდა, რომ მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.
- 45დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა.
- 46დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: "მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული”. ეს თქვა და სული განუტევა.
- 47როცა ასისთავმა მომხდარი იხილა, ღმერთი ადიდა და თქვა: "ნამდვილად მართალი იყო ეს კაცი”.
- 48გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, როცა იხილა მომხდარი.
- 49ყველანი, ვინც მას იცნობდა, და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას.
- 50და აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი,
- 51იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც არ დათანხმდა მათ თათბირსა და საქმეს, და რომელიც მოელოდა ღმერთის სამეფოს,
- 52მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს ცხედარი.
- 53ჩამოხსნა იგი, ტილოში გაახვია და კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენა, სადაც ჯერ კიდევ არავინ იყო დასვენებული.
- 54ის დღე პარასკევი იყო, შაბათი დგებოდა.
- 55გალილეიდან გამოყოლილი დედაკაცებიც გაჰყვნენ და იხილეს სამარხი და ის, თუ როგორ დაასვენა მისი ცხედარი.
- 56ამის შემდეგ დაბრუნდნენ და კეთილსურნელებანი და ნელსაცხებელნი მოამზადეს. შაბათს კი მოისვენეს, მცნებისამებრ.
იტვირთება შემდეგი თავი