ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 24

  1. 1
    კვირის პირველ დღეს უთენია მივიდნენ სამარხთან და მიიტანეს სურნელებანი, მომზადებული რომ ჰქონდათ.
  2. 2
    ნახეს, რომ ლოდი გადაგორებული იყო სამარხიდან.
  3. 3
    შიგნით რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს სხეული.
  4. 4
    ამის გამო შეფიქრიანდნენ და აჰა, მათ წინაშე ბრწყინვალე სამოსლით მოსილი ორი მამაკაცი წარდგა.
  5. 5
    შეძრწუნებულთ და მიწისკენ სახე დახრილთ, უთხრეს: "რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?
  6. 6
    არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ რას გეუბნებოდათ ჯერ კიდევ გალილეაში:
  7. 7
    რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს”.
  8. 8
    და გაიხსენეს მისი ნათქვამი.
  9. 9
    დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს თერთმეტსა და ყველა დანარჩენს.
  10. 10
    ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი.
  11. 11
    მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ დაიჯერეს.
  12. 12
    პეტრე კი ადგა, სამარხისკენ გაიქცა და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა; და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული.
  13. 13
    და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი.
  14. 14
    ისინიც ყველა იმ ამბავზე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, რაც მოხდა.
  15. 15
    ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თვითონ იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.
  16. 16
    მაგრამ თვალები დახშული ჰქონდათ, რომ ვერ ეცნოთ იგი.
  17. 17
    უთხრა მათ: "რაზე მსჯელობთ ერთმანეთში, გზად მიმავალნი?” ისინი კი დამწუხრებულნი შეჩერდნენ.
  18. 18
    ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, უთხრა: "ნუთუ შენ ერთადერთი უცხო ხარ იერუსალიმში, რომელმაც არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?”
  19. 19
    ჰკითხა მათ: "რა მოხდა?” ხოლო მათ უპასუხეს: "იესო ნაზარეველი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, საქმითა და სიტყვით ძლიერი ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე,
  20. 20
    ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად გადასცეს და ჯვარს აცვეს.
  21. 21
    ჩვენ კი ვიმედოვნებდით, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი. აგერ, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.
  22. 22
    მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან მივიდნენ სამარხთან,
  23. 23
    ვერ იპოვეს მისი ცხედარი, მოვიდნენ და თქვეს, ანგელოზები ვიხილეთო, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
  24. 24
    ზოგიერთი ჩვენგანიც წავიდა სამარხის სანახავად და მათაც, იგივე ნახეს, რაც დედაკაცებმა გვითხრეს. ის კი ვერ ნახეს”.
  25. 25
    მან უთხრა: "ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყოველივე იმის სარწმუნებლად, რაც ილაპარაკეს წინასწარმეტყველებმა.
  26. 26
    განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?”
  27. 27
    მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს.
  28. 28
    მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ; ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა.
  29. 29
    მაგრამ ისინი აკავებდნენ და ეუბნებოდნენ: "დარჩი ჩვენთან, რადგან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა”. ისიც შევიდა მათთან დასარჩენად.
  30. 30
    ინახად რომ დაჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.
  31. 31
    მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს იგი. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.
  32. 32
    უთხრეს ერთმანეთს: "განა არ გიზგიზებდა ჩვენში გული, როცა გველაპარაკებოდა გზაში და განგვიმარტავდა წერილებს?”
  33. 33
    ადგნენ და მაშინვე დაბრუნდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი,
  34. 34
    რომლებიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.
  35. 35
    მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
  36. 36
    ამას რომ ლაპარაკობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა: "მშვიდობა თქვენდა!”
  37. 37
    შეძრწუნებულებმა და შეშინებულებმა იფიქრეს, რომ სულს ხედავდნენ.
  38. 38
    მაგრამ მან უთხრა: "რატომ შეძრწუნდით? რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები?
  39. 39
    შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს არ აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ”.
  40. 40
    ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები;
  41. 41
    მაგრამ რაკი სიხარულისგან ვერ იჯერებდნენ და გაოცებულები იყვნენ; ჰკითხა მათ: "საჭმელი თუ გაქვთ აქ?”
  42. 42
    და მიაწოდეს შემწვარი თევზის ნაწილი და გოლეული.
  43. 43
    აიღო და მათ თვალწინ შეჭამა.
  44. 44
    უთხრა მათ: "ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: რომ უნდა აღსრულდეს ყოველივე, რაც მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებსა და ფსალმუნებშია დაწერილი ჩემზე”.
  45. 45
    და გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად.
  46. 46
    უთხრა: "ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;
  47. 47
    და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.
  48. 48
    თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.
  49. 49
    და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.
  50. 50
    ბეთანიამდე გაიყვანა და ხელებაპყრობილმა აკურთხა ისინი.
  51. 51
    კურთხევისას განშორდა მათ და ზეცად ამაღლდა.
  52. 52
    მათაც თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.
  53. 53
    გამუდმებით ტაძარში იყვნენ და ღმერთს აქებდნენ და ადიდებდნენ. ამინ!