ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
- 2ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: "რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
- 3უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?
- 4როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”
- 5და უთხრა მათ: "შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.
- 6მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
- 7მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
- 8მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: "ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
- 9იესომ უთხრა მათ: "მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”
- 10თვალი მოავლო ყველას, მერე კაცს უთხრა: "გაიწოდე ხელი!” ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
- 11ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
- 12იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა.
- 13დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა:
- 14სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
- 15მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა,
- 16იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
- 17ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
- 18რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.
- 19და მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველას კურნავდა.
- 20თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: "ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
- 21ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
- 22ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
- 23იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
- 24მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
- 25ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
- 26ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
- 27ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
- 28აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.
- 29ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
- 30ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
- 31და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.
- 32თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
- 33თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.
- 34თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
- 35თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
- 36იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
- 37ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
- 38მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
- 39იგავიც უთხრა მათ: "განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
- 40მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.
- 41და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
- 42ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
- 43არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
- 44რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი.
- 45კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
- 46რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
- 47ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
- 48იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები.
- 49ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.
იტვირთება შემდეგი თავი