ლუკას სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1როცა დაასრულა თავისი სათქმელი მსმენელი ხალხისადმი, კაპერნაუმში შევიდა.
- 2ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც ძვირფასი იყო მისთვის.
- 3იესოს ამბავი რომ ესმა, იუდეველთა უხუცესები მიუგზავნა თხოვნით, მოსულიყო და გადაერჩინა მისი მონის სიცოცხლე.
- 4მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით შეევედრნენ და უთხრეს: "ღირსია, რომ ეს გაუკეთო;
- 5რადგან უყვარს ჩვენი ხალხი, სინაგოგაც მან აგვიშენა”.
- 6და გაჰყვა იესო. უკვე სახლის შორიახლოს იყვნენ, რომ ასისთავმა მეგობრები გამოუგზავნა სიტყვით: "უფალო, ნუღარ შეწუხდები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
- 7საკუთარი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად; შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
- 8რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ხელქვეითი ჯარისკაცებიც მყვანან. ერთს რომ ვეტყვი: წადი! მიდის. სხვას ვეტყვი: მოდი! და მოდის; ჩემს მონას: ეს გააკეთე! და აკეთებს”.
- 9ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს. მიუბრუნდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: "გეუბნებით თქვენ, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი დიდი რწმენა”.
- 10სახლში რომ დაბრუნდნენ წარგზავნილნი, გამოჯანსაღებული დაუხვდათ ის მონა.
- 11მეორე დღეს იესო ნაინად წოდებულ ქალაქში წავიდა; თან მისი მოწაფენი და უამრავი ხალხი მიჰყვებოდნენ.
- 12ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა აჰა, მოასვენებენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი ახლდა თან.
- 13ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: "ნუ სტირი”.
- 14მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ. მან თქვა: "ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!”
- 15მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო; და მის დედას ჩააბარა იგი.
- 16ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენს შორის და მოინახულა ღმერთმა თავისი ხალხი”.
- 17და გავრცელდა ეს სიტყვა მთელ იუდეასა და მის შემოგარენში.
- 18აუწყეს ეს ამბები იოანეს მისმა მოწაფეებმა.
- 19მოიხმო იოანემ თავისი ორი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხად: "შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
- 20ჰკითხეს მისულმა კაცებმა: "იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან ამ კითხვით: შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
- 21იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.
- 22უთხრა მათ იესომ პასუხად: "წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ - ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
- 23ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში”.
- 24როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, ხალხთან იოანეზე დაიწყო ლაპარაკი: "რის სანახავად მიდიოდით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?
- 25მაინც რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი ეცვა? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებაში ცხოვრობენ, სამეფო სასახლეებში იმყოფებიან.
- 26მაშ, რის სანახავად მიდიოდით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.
- 27ვინაიდან ეს არის ის, ვის შესახებაც წერია: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე.
- 28ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არავინაა იოანეზე დიდი; მაგრამ ღმერთის სამეფოში უმცირესიც მასზე დიდია”.
- 29და მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც აღიარეს, რომ მართალია ღმერთი, ინათლებოდნენ რა იოანეს ნათლობით.
- 30ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღმერთის ნება მათ მიმართ და არ მოინათლნენ მისგან.
- 31და თქვა იესომ: "ვის ვამსგავსო ეს თაობა, ვისი მსგავსნი არიან ისინი?
- 32ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: სალამურს ვუკრავდით და არ ცეკვავდით, ვგოდებდით და არ სტიროდით.
- 33ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი. არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
- 34მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.
- 35და გამართლებულია სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ”.
- 36ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა, მასთან ეჭამა პური; შევიდა იმ ფარისევლის სახლში და სუფრას მიუჯდა.
- 37და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით.
- 38უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
- 39ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: "ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”.
- 40მიუგო მას იესომ და უთხრა: "რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ”. უპასუხა: "თქვი, მოძღვარო”.
- 41იესომ თქვა: "ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.
- 42მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?”
- 43სიმონმა უპასუხა: "მე მგონი, რომელსაც უფრო მეტი მიეტევა”. მან კი უთხრა: "სწორად განსაჯე”.
- 44მიბრუნდა დედაკაცისკენ და უთხრა სიმონს: "ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალიც არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
- 45შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, ჩემი ფეხების კოცნა არ შეუწყვეტია.
- 46შენ ზეთი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე.
- 47ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.
- 48შემდეგ უთხრა ქალს: "მიგეტევა შენი ცოდვები”.
- 49იწყეს მისმა თანამეინახეებმა თავისთვის ლაპარაკი: "ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?”
- 50მან კი უთხრა დედაკაცს: "შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი”.
იტვირთება შემდეგი თავი