მალაქია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1აჰა, თქვენთვის მცნება, მღვდელნო:
- 2თუ არ შეისმენთ და გულს არ დაუდებთ, რომ პატივი სცეთ ჩემს სახელს - ამბობს ცაბაოთ უფალი - მაშინ დავუშვებ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევას; აკი ვწყევლი კიდეც, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი მცნება.
- 3აჰა, შევრისხავ თქვენს მიერ დათესილ თესლს და განავალს მოგაყრით სახეზე, თქვენი სადღესასწაულო მსხვერპლების განავალს და გადაიყრებით მასთან ერთად.
- 4და მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება, რათა აღსრულდეს ჩემი აღთქმა ლევის მიმართ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 5მასთან იყო ჩემი აღთქმა - სიცოცხლისა და მშვიდობისა, და მე მივეცი ეს მას ჩემი მოშიშებისთვის; და ეშინოდა ჩემი და თრთოდა ჩემი სახელის წინაშე.
- 6ჭეშმარიტების რჯული იყო მის პირში და უმართლობა არ მოიძებნებოდა მის ბაგეებზე. მშვიდობასა და სიმართლეში დადიოდა ჩემთან და მრავალი მოაქცია ურჯულოებისგან.
- 7რადგან მღვდლის ბაგეებმა უნდა შეინახოს ცოდნა და მისი პირიდან უნდა ეძებდნენ დარიგებას, რადგან ცაბაოთ უფლის მაცნეა იგი.
- 8თქვენ კი გზიდან გადაუხვიეთ, მრავალი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევის აღთქმა - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 9მეც დავუშვი შეურაცხყოფა და დამცირება ყველა ხალხთაგან, ვინაიდან არ იცავთ ჩემს გზას და პირმოთნეობთ რჯულში.
- 10განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?
- 11იმუხთლა იუდამ და სისაძაგლე ჩაიდინა ისრაელსა და იერუსალიმში, რადგან შებღალა იუდამ სიწმიდე უფლისა, რომელიც უყვარდა და ცოლად უცხო ღმერთის ასული შეირთო.
- 12ამის ჩამდენს უფალი მოუკვეთს სადარაჯოზე მდგომსა და პასუხისმგებელს იაკობის კარვებიდან და ძღვენის მიმრთმევთაგან ცაბაოთ უფლისადმი.
- 13აი, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლებით ფარავთ ღვთის სამსხვერპლოს, ტირილითა და ქვითინით. ამის გამო აღარ აქვს ღმერთს სახე ძღვენისკენ და აღარ ეამება მისი მიღება თქვენი ხელიდან.
- 14კითხულობთ: რის გამოო? იმის გამო, რომ უფალი იყო მოწმე შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი იყო, ცოლი შენი აღთქმისა.
- 15განა ერთ სხეულად არ გქმნათ უფალმა? სულიც და სხეულიც მას ეკუთვნის; რატომ გქმნათ ერთ სხეულად და რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ უღალატებთ სიჭაბუკის ცოლს!
- 16რადგან მძულს განქორწინება - ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი; ის, ვინც ძალადობით ფარავს თავის სამოსელს - ამბობს ცაბაოთ უფალი. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ დაარღვევთ ერთგულებას.
- 17დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით, თან კითხულობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ავისმქმნელი კარგია უფლის თვალში და ასეთნი ეამებიანო; ან: სად არისო მართლმსაჯულების ღმერთი?
იტვირთება შემდეგი თავი