მალაქია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს, რომელიც გაამზადებს გზას ჩემ წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, თქვენ რომ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 2ვინ გაუძლებს მისი მოსვლის დღეს და ვინ დადგება მისი გამოჩენისას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივითაა და მრეცხავის ტუტესავით.
- 3დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმედელივით; გაწმედს ლევის ძეებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რათა სიმართლეში მიართვან უფალს შესაწირი.
- 4მაშინ საამო იქნება უფლისთვის იუდასა და იერუსალიმის შესაწირი, როგორც ძველ დღეებში და გარდასულ წლებში.
- 5მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 6რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, ამიტომ არ ნადგურდებით თქვენ, იაკობის ძენო.
- 7თქვენი მამების დღეებიდანვე განუდექით ჩემს წესდებებს და არ იცავთ მათ. მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! - ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი კითხულობთ: როგორ მოვიქცეთო?
- 8განა გაძარცვავს ღმერთს ადამიანი? თქვენ კი მძარცვავთ და თან კითხულობთ: როგორ გაგძარცვეთო? მეათედით და შესაწირით!
- 9წყევლით ხართ დაწყევლილნი, რადგან მთელი ერი მძარცვავთ.
- 10მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით - ამბობს ცაბაოთ უფალი - თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.
- 11შენთვის შევაჩერებ მჭამელს, რომ მიწის ნაყოფი არ გაგინადგუროს მინდორში და ვაზი არ გაგიპარტახოს - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 12და ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 13ქედმაღლური იყო თქვენი სიტყვები ჩემს მიმართ - ამბობს უფალი - თქვენ კი კითხულობთ: რა გვითქვამსო შენზე?
- 14ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე?
- 15კურთხეულნი არიანო ამპარტავანნი, აშენდნენ ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გაექცნენ სასჯელს.
- 16როცა ლაპარაკობენ ერთმანეთში უფლის მოშიშნი, ყურს უგდებს მათ უფალი, ესმის და იწერება სამახსოვრო წიგნში მის წინაშე, უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მოწიწებით მომხსენიებელთათვის.
- 17ჩემი იქნებიან ისინი - ამბობს ცაბაოთ უფალი - იმ დღეს, ჩემს საგანძურად ვაქცევ მათ და დავინდობ, როგორც კაცი დაინდობს თავის ძეს, რომელიც ემორჩილება.
- 18და მობრუნებულნი კვლავ დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის, ღვთისმსახურსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება მას.
იტვირთება შემდეგი თავი