მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად.
- 2იოანემ კი, ესმა რა საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, თავისი ორი მოწაფეთაგანი გაუგზავნა,
- 3რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო?
- 4მიუგო მათ იესომ და უთხრა: "წადით და აუწყეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
- 5ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
- 6ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში!”
- 7ისინი რომ წავიდნენ, იესომ იოანეზე დაუწყო ხალხს ლაპარაკი: "რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?
- 8აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილნი მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.
- 9მაშ, რიღასთვის გამოხვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც.
- 10ვინაიდან ეს არის ის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაუწყებელს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.
- 11ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სამეფოში უმცირესი მასზე დიდია.
- 12იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.
- 13რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.
- 14თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
- 15ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
- 16მაგრამ ვის მივამსგავსო ეს თაობა? ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან, სხვებს გასძახიან
- 17და ეუბნებიან: სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ გლოვობდით.
- 18ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
- 19მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო! და მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით”.
- 20მაშინ იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთაქმედებანი, რადგან არ მოინანიეს.
- 21"ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ჯვალოსა და ნაცარში მოინანიებდნენ.
- 22მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.
- 23შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა.
- 24მეტსაც გეტყვით: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ”.
- 25მაშინ მიმართა იესომ და თქვა: "გაქებ შენ, მამაო, ცისა და ქვეყნის უფალო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.
- 26დიახ, მამაო! რადგან ასეთი იყო შენი ნება-სურვილი.
- 27ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
- 28მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!
- 29იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.
- 30ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”
იტვირთება შემდეგი თავი