მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ძალაუფლება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.
- 2აი, თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა; იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე;
- 3ფილიპე და ბართლომე; თომა და მებაჟე მათე; იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა;
- 4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
- 5ეს თორმეტი გაგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა: "წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ;
- 6არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
- 7როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო.
- 8სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
- 9ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით;
- 10ნურც აბგას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი.
- 11რომელიმე ქალაქში ან სოფელში რომ შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ.
- 12სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
- 13და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა.
- 14ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
- 15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
- 16აჰა, გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
- 17უფრთხილდით ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებს და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ.
- 18გამგებლების და მეფეების წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
- 19ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.
- 20რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
- 21ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ.
- 22ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
- 23როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა.
- 24მოწაფე მოძღვარზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.
- 25მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის - როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს.
- 26ჰოდა ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება.
- 27რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
- 28ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში.
- 29განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
- 30თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია.
- 31ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
- 32ამიტომ ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
- 33ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
- 34ნუ გგონიათ, რომ მშვიდობის მოსატანად მოვედი დედამიწაზე. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
- 35რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული - თავის დედისგან და რძალი - თავის დედამთილისგან.
- 36კაცის მტრები კი მისი ოჯახის წევრები იქნებიან.
- 37ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
- 38ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი;
- 39ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას.
- 40ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს.
- 41ვინც წინასწარმეტყველის სახელით ღებულობს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართლის სახელით ღებულობს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
- 42ვინც ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური”.
იტვირთება შემდეგი თავი