მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და თავის ქალაქში მივიდა.
- 2და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: "გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”.
- 3ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო.
- 4იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: "რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში?
- 5რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე?
- 6ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს - მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!”
- 7ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.
- 8ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.
- 9იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: "გამომყევი”. ისიც წამოდგა და გაჰყვა.
- 10მოხდა ისე, რომ სანამ იგი სუფრასთან იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან.
- 11ამის შემხედვარე ფარისეველნი ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
- 12იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.
- 13თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.
- 14მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: "რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ხშირად ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?”
- 15უთხრა მათ იესომ: "განა შეიძლება გლოვობდნენ მექორწილეები, ვიდრე მათთან არის ნეფე? მაგრამ დადგება დღე, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
- 16ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლად დაკერებული მაინც მოიხევა სამოსელისგან და უარესად დაიხევა.
- 17არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რათა ტიკები არ დასკდეს; ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება”.
- 18ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: "ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს”.
- 19წამოდგა იესო და მოწაფეებთან ერთად გაჰყვა მას.
- 20აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო.
- 21ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო.
- 22იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: "გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი.
- 23მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.
- 24უთხრა მათ: "წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი.
- 25ხალხი რომ გაიყვანეს, შევიდა იესო, ხელი მოკიდა და წამოდგა გოგონა.
- 26მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.
- 27იქიდან გამოსულ იესოს ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით; ამბობდნენ: "შეგვიწყალე, ძეო დავითისა!”
- 28სახლში შესულს, ბრმებიც მიადგნენ. უთხრა მათ იესომ: "გწამთ, რომ ძალმიძს ამის გაკეთება?” უპასუხეს: "ჰო, უფალო!”
- 29მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: "თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!”
- 30და აეხილათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: "აჰა, არავინ გაიგოს!”
- 31ისინი კი გავიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.
- 32გავიდნენ ისინი და აჰა, მოიყვანეს მასთან მუნჯი კაცი, ეშმაკით შეპყრობილი.
- 33როცა ეშმაკი განიდევნა, ალაპარაკდა მუნჯი; ამბობდა განცვიფრებული ხალხი: ასეთი რამ არასოდეს უნახავთო ისრაელში.
- 34ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
- 35დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.
- 36ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.
- 37მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: "სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან.
- 38ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში”.
იტვირთება შემდეგი თავი