მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1იმავე დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და ზღვის პირას დაჯდა.
- 2და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავზე ავიდა და ჩაჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
- 3მრავლად ელაპარაკა მათ იგავებით და ეუბნებოდა: "აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
- 4თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.
- 5ზოგი ქვიან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალევე აღმოცენდა, ვინაიდან სიღრმე არ ჰქონდა ნიადაგს.
- 6ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
- 7ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო ისინი.
- 8სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
- 9ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!”
- 10მივიდნენ მასთან მოწაფეები და ჰკითხეს: "რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?”
- 11პასუხად კი უთხრა მათ: "იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არ მიეცათ.
- 12ამიტომ, ვისაც აქვს, მას მიეცემა და უხვად ექნება, ხოლო, ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
- 13იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან.
- 14მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
- 15ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
- 16ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და ყურები - რომ ისმენენ.
- 17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
- 18თქვენ კი მოისმინეთ იგავი მთესველზე.
- 19ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი.
- 20ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას;
- 21მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
- 22ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.
- 23ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.
- 24სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: "ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
- 25როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა.
- 26ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
- 27მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია?
- 28მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ.
- 29მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ.
- 30გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.
- 31სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში.
- 32იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”.
- 33სხვა იგავიც უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”.
- 34ყოველივე ამას იესო იგავებით ელაპარაკებოდა ხალხს; იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა.
- 35რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც წუთისოფლის დასაბამიდანაა დაფარული”.
- 36მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”.
- 37მან პასუხად მიუგო: "კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა.
- 38ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი.
- 39მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან.
- 40ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს.
- 41წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულოების მოქმედს,
- 42და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
- 43მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
- 44ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს.
- 45კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს;
- 46როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.
- 47კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ.
- 48როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან.
- 49ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან.
- 50ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
- 51"თუ გაიგეთ ყოველივე ეს?” კიო, მიუგეს მას.
- 52იესომ კი უთხრა მათ: "ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სამეფოს მოწაფე გახდა, წააგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი”.
- 53იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გასცილდა.
- 54მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში. იქ უკვირდათ და ამბობდნენ: "საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და ძალა?
- 55განა ეს ხუროს ძე არ არის? განა მარიამი არ ჰქვია დედამისს, მის ძმებს კი იაკობი და იოსები, სიმონი და იუდა?
- 56განა ჩვენ შორის არ არიან მისი დანი? საიდან აქვს ყოველივე ეს?”
- 57და შებრკოლდნენ ამის გამო. იესომ კი უთხრა მათ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა”.
- 58არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
იტვირთება შემდეგი თავი