მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    იმ ხანებში ესმა იესოს ამბავი მეოთხედმთავარ ჰეროდეს.
  2. 2
    უთხრა თავის მსახურებს: "ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომაც მოქმედებენ მასში ძალნი”.
  3. 3
    რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო.
  4. 4
    ვინაიდან იოანე ეუბნებოდა, ნებადართული არ არისო შენთვის მისი ყოლა.
  5. 5
    უნდოდა მოეკლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
  6. 6
    ჰეროდეს დაბადების დღეს კი შეკრებილთა წინაშე იცეკვა ჰეროდიას ასულმა და აამა ჰეროდეს.
  7. 7
    ამიტომ ფიცით შეპირდა, რომ მისცემდა, რასაც სთხოვდა.
  8. 8
    ხოლო მან, დედისგან წინასწარ დარიგებულმა, უთხრა: "ლანგრით მომეცი იოანე ნათლისმცემლის თავი”.
  9. 9
    შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.
  10. 10
    წარგზავნა და იოანესთვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში.
  11. 11
    მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა.
  12. 12
    მოვიდნენ იოანეს მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და შეატყობინეს იესოს.
  13. 13
    ეს რომ გაიგო იესომ, ნავით გაეცალა იქაურობას და ერთ უდაბურ ადგილზე განმარტოვდა; შეიტყო ეს ხალხმა და ფეხით გაჰყვნენ ქალაქებიდან.
  14. 14
    გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
  15. 15
    როცა მოსაღამოვდა მივიდნენ მასთან მოწაფენი და უთხრეს: "აქ უკაცრიელი ადგილია, ჟამიც გვიანია; გაუშვი ეს ხალხი, რომ სოფლებში წავიდნენ და საჭმელი იყიდონ თავიანთთვის”.
  16. 16
    იესომ კი უთხრა მათ: "არ არის საჭირო მათი წასვლა; თქვენ მიეცით საჭმელი”.
  17. 17
    უპასუხეს: "არაფერი გვაქვს გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა”.
  18. 18
    უთხრა: "აქ მომიტანეთ ისინი”.
  19. 19
    უბრძანა ხალხს ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და მისცა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს.
  20. 20
    ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო.
  21. 21
    მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
  22. 22
    მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ მეორე მხარეს, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა.
  23. 23
    ხალხი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა; მოსაღამოვდა, ის კი მარტო იყო იქ.
  24. 24
    ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე შესულიყო ზღვაში; ტალღები ეხეთქებოდნენ, რადგან პირქარი ქროდა.
  25. 25
    ღამის მეოთხე გუშაგობა იყო, ზღვაზე სვლით რომ მივიდა მათთან.
  26. 26
    ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ მოწაფეები; ამბობდნენ, მოჩვენებააო და შიშისგან შეჰყვირეს.
  27. 27
    მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
  28. 28
    მიუგო პეტრემ და უთხრა: "უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, რომ წყალდაწყალ მოვიდე შენთან”.
  29. 29
    უთხრა: "მოდი!” პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალზე გაიარა, რათა იესოსთან მისულიყო.
  30. 30
    მაგრამ ძლიერი ქარი რომ იხილა, შეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: "უფალო, მიხსენი!”
  31. 31
    იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: "რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?”
  32. 32
    ნავში რომ ავიდნენ, ქარი ჩადგა.
  33. 33
    ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ”.
  34. 34
    გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.
  35. 35
    იცნეს იგი იქაურებმა, დაგზავნეს მთელ იმ მხარეში და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი.
  36. 36
    ევედრებოდნენ, რომ მისი მოსასხამის კიდეს მაინც შეხებოდნენ; და ვინც შეეხო, განიკურნა.
იტვირთება შემდეგი თავი