მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1ეს სიტყვები რომ დაასრულა, გალილეიდან იუდეის საზღვრებში წავიდა იესო და იორდანეს გაღმა მივიდა.
- 2დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ.
- 3მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: "თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”
- 4ხოლო მან უთხრა პასუხად: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
- 5და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.
- 6ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”
- 7უთხრეს მას: "აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?”
- 8უთხრა მათ: "მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
- 9მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
- 10უთხრეს მას მოწაფეებმა: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი”.
- 11უთხრა მათ: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
- 12ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად; არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”.
- 13მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.
- 14იესომ თქვა: "გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.
- 15დაადო ხელები და წავიდა იქიდან.
- 16და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?”
- 17ხოლო მან უთხრა: "რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.
- 18ჰკითხა: "რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: "არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ.
- 19პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
- 20უთხრა მას ჭაბუკმა: "ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?”
- 21უთხრა მას იესომ: "თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
- 22ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.
- 23იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!
- 24კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
- 25ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: "აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
- 26გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.
- 27მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოგყევით, მაშ, რა გვექნება?”
- 28ხოლო იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად.
- 29და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
- 30ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.
იტვირთება შემდეგი თავი