მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1"რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
- 2მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
- 3მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად.
- 4უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ.
- 5კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
- 6გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?
- 7უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო.
- 8რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.
- 9მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
- 10პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
- 11როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს.
- 12ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო.
- 13მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი?
- 14აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
- 15ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ?
- 16ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
- 17იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტნი და უთხრა მათ გზად მიმავალმა:
- 18"აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
- 19წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”.
- 20მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.
- 21მან ჰკითხა: "რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: "ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.
- 22მიუგო იესომ პასუხად: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: "შეგვიძლია”.
- 23უთხრა მათ: "ჩემს სასმისს შესვამთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ”.
- 24ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე.
- 25იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ.
- 26თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს.
- 27და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
- 28ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.
- 29იერიხოდან გამოსვლისას დიდძალი ხალხი გაჰყვა მას.
- 30და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!”
- 31უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: "შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!”
- 32იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: "რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?”
- 33უთხრეს: "უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”.
- 34შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.
იტვირთება შემდეგი თავი