მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში, ზეთისხილის მთასთან მივიდნენ, მაშინ ორი მოწაფე გაგზავნა იესომ.
- 2უთხრა: "წადით სოფელში, თქვენს პირდაპირ რომაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ახსენით და მომიყვანეთ.
- 3და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანენ”.
- 4ეს იმიტომ მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
- 5უთხარით სიონის ასულს: "აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.
- 6წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ.
- 7მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი სამოსელი დაუფინეს და დაჯდა მათზე.
- 8დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
- 9ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: "ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!”
- 10იერუსალიმში რომ შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა; კითხულობდნენ: ვინ არისო იგი?
- 11ხალხი კი ამბობდა: "ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”.
- 12შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.
- 13უთხრა მათ: "დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”
- 14მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი.
- 15მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს საოცრებანი, მან რომ მოახდინა, ასევე ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ: ოსანა დავითის ძესო! და გაბრაზდნენ.
- 16უთხრეს: "თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?” იესომ უთხრა: "დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება”.
- 17დატოვა ისინი, გამოვიდა ქალაქიდან, ბეთანიაში მივიდა და ღამე იქ გაათია.
- 18დილას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.
- 19გზაზე ერთი ლეღვი დაინახა, მივიდა მასთან და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა. უთხრა: "ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე” და უცბად გახმა ლეღვი.
- 20ამის მნახველი მოწაფეები განცვიფრდნენ; ამბობდნენ: რა უცბად გახმაო ეს ლეღვი?!
- 21მიუგო მათ იესომ პასუხად: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება!
- 22და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ”.
- 23ტაძარში რომ შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: "რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”
- 24მიუგო იესომ მათ პასუხად: "მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
- 25საიდან იყო იოანეს ნათლობა - ზეციდან თუ კაცთაგან?” ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: "თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?
- 26თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე”.
- 27მიუგეს იესოს პასუხად: "არ ვიცითო”. მანაც უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
- 28აბა, რა გგონიათ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.
- 29მან უპასუხა: არ მინდა, ბატონო. მერე ინანა და წავიდა.
- 30მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა.
- 31იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: "პირველმა”. უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში;
- 32რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას, თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
- 33მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვენახი გააშენა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო; შემდეგ მევენახეებს ჩააბარა და წავიდა.
- 34რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მოსავლის მისაღებად.
- 35შეიპყრეს მისი მონები მევენახეებმა, ერთნი სცემეს, მეორენი დახოცეს და სხვანი ჩაქოლეს.
- 36კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი; იმათაც ასევე მოექცნენ.
- 37ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან; ამბობდა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.
- 38მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს!
- 39შეიპყრეს, ვენახის მიღმა გააგდეს და მოკლეს.
- 40ჰოდა, ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?”
- 41მიუგეს: "ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს კი სხვა მევენახეებს გადასცემს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს”.
- 42უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.
- 43ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფებს გამოიღებს.
- 44ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს”.
- 45მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.
- 46შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
იტვირთება შემდეგი თავი