მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1იესო კვლავ იგავებით ელაპარაკობდა მათ და ეუბნებოდა:
- 2"ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
- 3გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა.
- 4კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!
- 5მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე.
- 6სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
- 7ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
- 8მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ.
- 9ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში.
- 10გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი.
- 11შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა.
- 12უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა.
- 13მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.
- 14რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”.
- 15მაშინ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი მისსავე სიტყვაზე.
- 16ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
- 17ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?”
- 18იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
- 19მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი.
- 20ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?”
- 21თქვეს: "კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!”
- 22ეს რომ მოისმინეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ
- 23იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
- 24"მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.
- 25ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.
- 26ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
- 27ბოლოს ქალიც მოკვდა.
- 28ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”.
- 29მიუგო იესომ მათ პასუხად: "ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
- 30ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.
- 31ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული:
- 32მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”.
- 33ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
- 34ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.
- 35ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
- 36"მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”
- 37უპასუხა: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
- 38ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
- 39და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
- 40ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.
- 41ფარისევლები რომ შეიკრიბნენ, ჰკითხა მათ იესომ:
- 42"რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: "დავითისა”.
- 43უთხრა მათ: "მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს:
- 44უთხრა უფალმა* ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს.
- 45თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?”
- 46და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე.
იტვირთება შემდეგი თავი