მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1"ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
- 2როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
- 3შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
- 4რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
- 5როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
- 6შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
- 7ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
- 8ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
- 9თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
- 10მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
- 11პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
- 12და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
- 13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
- 14ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
- 15ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
- 16როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
- 17ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე,
- 18რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.
- 19ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
- 20დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
- 21რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
- 22სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.
- 23ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
- 24არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
- 25ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
- 26შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?
- 27ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?
- 28სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
- 29მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
- 30თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?
- 31მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?
- 32რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
- 33თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
- 34მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.
იტვირთება შემდეგი თავი