მათეს სახარება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1"ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ.
- 2რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
- 3რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
- 4ან როგორ ეუბნები შენს ძმას - მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!
- 5თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
- 6ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.
- 7ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
- 8ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.
- 9არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?
- 10ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?
- 11მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
- 12როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
- 13შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი.
- 14რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.
- 15უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.
- 16მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?
- 17ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
- 18არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.
- 19ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
- 20ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
- 21ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
- 22ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
- 23მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.
- 24ამიტომ ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, იმ კეთილგონიერ კაცს ჰგავს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.
- 25და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.
- 26ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
- 27და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.
- 28როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით.
- 29რადგან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები.
იტვირთება შემდეგი თავი