მიქა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    და იქნება უკანასკნელ დღეებში, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში განმტკიცდება, ამაღლდება იგი გორაკებზე და ყოველი ხალხი მისკენ დაიწყებს დინებას.
  2. 2
    მრავალი ხალხი მოვა და იტყვის "მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.
  3. 3
    მრავალ ხალხს შორის სამართალს განსჯის და ამხელს ძლიერ, შორეულ ერებს; ისინი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ და შუბებისგან - ნამგლებს; აღარ აღმართავს მახვილს ერი ერზე და ომს აღარავინ ისწავლის.
  4. 4
    და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგემ ბრძანა.
  5. 5
    იაროს ყოველმა ხალხმა, თავ-თავიანთი ღმერთის სახელით, ჩვენ კი - უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით ვივლით, უკუნითი უკუნისამდე.
  6. 6
    იმ დღეს - ამბობს უფალი - შევკრებ კოჭლებს, შევაგროვებ განდევნილებს და მათ, ვიზეც მე მოვაწიე უბედურება.
  7. 7
    ნატამალად მოვიტოვებ კოჭლებს და გაფანტულთ - ძლიერ ხალხად; და იმეფებს უფალი სიონის მთაზე ამიერიდან საუკუნოდ.
  8. 8
    შენ კი, სამწყსოს გოდოლო, სიონის ასულის მთაო, შენთან მოვა, უწინდელივით დაგიბრუნდება მეფობა იერუსალიმის ასულისა!
  9. 9
    ახლა რაღად მოსთქვამ ხმამაღლა? განა არ არის შენში მეფე? თუ დაიღუპნენ შენი მრჩეველნი, მშობიარესავით რომ შეუპყრიხარ ძრწოლას?
  10. 10
    მშობიარესავით იტანჯე და ეწამე ტკივილებში, სიონის ასულო, რადგან ახლა გამოხვალ ქალაქიდან და ველზე დასახლდები; ბაბილონამდე მიხვალ და იქ გადარჩები, იქ გიხსნის შენ უფალი მტრების ხელიდან.
  11. 11
    ახლა კი შეიკრიბა შენს წინააღმდეგ მრავალი ერი; ამბობენ: წაიბილწოსო და ხედავდესო ჩვენი თვალები სიონის უბედურებას!
  12. 12
    არ იცოდნენ ზრახვანი უფლისა და ვერ მიხვდნენ მის ჩანაფიქრს, რადგან კალოზე ჩაფანტული ხორბალივით შეიკრიბნენ ისინი.
  13. 13
    აღსდექ და გალეწე, სიონის ასულო, რადგან შენს რქებს რკინად გადავაქცევ და შენს ჩლიქებს - სპილენძად. და მრავალ ხალხს დალეწავ და უფალს მიუძღვნი მათ მონახვეჭს, მათ ქონებას კი - მთელი ქვეყნიერების მბრძანებელს.
იტვირთება შემდეგი თავი