მიქა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 5

  1. 1
    ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო; ალყა შემოგვარტყეს, კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.
  2. 2
    შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ჩემთვის ხელმწიფე ისრაელში; დასაბამიდან არის მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
  3. 3
    ამიტომ უფალი მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, ვინც უნდა შვას; და დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან.
  4. 4
    დადგება და უფლის ძალით დამწყემსავს, უფლის, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით და დამკვიდრდებიან ისინი თავიანთ ქვეყანაში, რადგან ამიერიდან ქვეყნის კიდემდე იდიდებს ის.
  5. 5
    ის იქნება ჩვენი მშვიდობა, როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხქვეშ გათელავს ჩვენს ციხე-დარბაზებს; მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსსა და რვა ხალხის მთავარს.
  6. 6
    მახვილით დამწყემსავენ აშურის ქვეყანას და ნიმროდის ქვეყანას - მის კარიბჭეებში; გვიხსნის აშურისგან, როცა მოვა ჩვენს ქვეყანაში; როცა ჩვენს საზღვრებში შემოდგამს ფეხს.
  7. 7
    იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც ცვარი უფლისა, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; რადგან ღმერთზე იქნებიან დამოკიდებულნი და არა კაცზე.
  8. 8
    იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში, რომელმაც თუ ჩაიარა, გათელავს, დაგლეჯს და არავინ იქნება მხსნელი.
  9. 9
    აღიმართება შენი ხელი შენს წინააღმდეგ გამოსულებზე და შენი ყველა მტერი მოიკვეთება.
  10. 10
    და იმ დღეს იქნება - ამბობს უფალი - რომ გავწყვეტ ცხენებს შენს შორის და გავანადგურებ შენს ეტლებს.
  11. 11
    ქალაქებს გავანადგურებ შენს ქვეყანაში და დავანგრევ ყველა შენს ციხე-სიმაგრეს.
  12. 12
    ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მკითხავები.
  13. 13
    გავანადგურებ ქანდაკებს და სათაყვანო სვეტებს შენი წიაღიდან, რათა აღარ დაუწყო თაყვანისცემა შენსავე ნახელავს.
  14. 14
    ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი წიაღიდან და დავანგრევ შენს ქალაქებს.
  15. 15
    რისხვითა და გულისწყრომით ვიძიებ შურს ერებზე, რომლებიც არ დამემორჩილნენ.
იტვირთება შემდეგი თავი