ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,
- 2ვინაიდან არ შეეგებნენ ისრაელის ძეთ პურითა და წყლით და ბილყამი დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, ღმერთმა კი კურთხევად აქცია წყევლა.
- 3და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოაცალკევეს ყოველი, ვინც ისრაელიდან უცხო თესლთან იყო შერეული.
- 4მანამდე კი ელიაშიბ მღვდელს, ტობიას ახლობელს, რომელიც ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე იყო დადგენილი,
- 5მომზადებული ჰქონდა ტობიასთვის დიდი ოთახი, სადაც უწინ შენაწირს, გუნდრუკს, ჭურჭელს, ასევე ლევიანთა, მგალობელთა და კარისმცველთათვის დაწესებულ მარცვლეულის, მაჭრისა და ზეთის მეათედსა და მღვდელთათვის შემონაწირს ინახავდნენ.
- 6ამ დროს იერუსალიმში არ ვიყავი, რადგან ართახშასთას მეფობის ოცდამეთორმეტე წელს, ბაბილონში მივედი მეფესთან და გარკვეული დროის შემდგომ კვლავ გამოვეთხოვე მას.
- 7ამოვედი იერუსალიმს და შევიტყვე ელიაშიბის ბოროტება, ოთახი რომ გაუკეთა ტობიას ღვთის ტაძრის ეზოში.
- 8დიდად განვრისხდი და ოთახიდან გარეთ გადმოვყარე ტობიას სახლეულის ნივთები.
- 9ვუბრძანე და განწმიდეს ეს ოთახები; და დავაბრუნე იქ ღვთის ტაძრის ჭურჭელი, შემონაწირი და გუნდრუკი.
- 10აღმოვაჩინე, რომ თავისი წილი არ ეძლეოდათ ლევიანებს და ყველა თავის ყანაში გაქცეულიყო - ლევიანნიც, მგალობლებიცა და საქმის მკეთებლებიც.
- 11დავტუქსე წინამძღოლნი და ვუთხარი, რად არის-მეთქი მიტოვებული ღვთის ტაძარი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე.
- 12მთელ იუდას მოჰქონდა ხორბლეულის, მაჭრისა და ზეთის მეათედი საგანძურში.
- 13საგანძურთა ზედამხედველებად შელემია მღვდელი, ცადოკ მწერალი და ფედაია ლევიანი დავნიშნე და ეს იყო მათი საქმე. მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურ მათანიას ძისა, რადგან სანდოდ მიიჩნეოდნენ ისინი და მათზე იყო ძმათა შორის ყველაფრის დანაწილება.
- 14გახსოვდე მე, ღმერთო ჩემო, ამის გამო და ნუ წარხოცავ ჩემს ერთგულ საქმეებს, რომელიც ღვთის სახლისა და მისი სამსახურისთვის გავაკეთე.
- 15იმ დღეებში ვნახე იუდაში, რომ ზოგიერთნი ყურძენს წურავდნენ შაბათობით, ძნები მოჰქონდათ და ასაპალნებდნენ სახედრებზე, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყოველ ტვირთს და ეს ყველაფერი შაბათ დღეს მოჰქონდათ იერუსალიმში; და შევაგონებდი მათ სანოვაგის გაყიდვის დღეს.
- 16ცორელები მკვიდრობნდნენ იერუსალიმში; მოჰქონდათ თევზი და ყოველი გასაყიდი და შაბათობით ყიდდნენ იუდასა და იერუსალიმის ძეებზე.
- 17გავუწყერი იუდას დიდებულებს და ვუთხარი: "რატომ სჩადიხართ ბოროტებას, რატომ ბღალავთ შაბათ დღეს?
- 18განა ასე არ აკეთებდნენ თქვენი მამებიც და ამის გამო არ მოგვივლინა ჩვენმა ღმერთმა ჩვენ და ამ ქალაქს მთელი ეს უბედურება?! ისრაელზე რისხვის მოსაწევად ბღალავთ თქვენ შაბათს!”
- 19შაბათის წინ, როგორც კი, შებინდდა იერუსალიმის კარიბჭეებთან, ვბრძანე, რომ კარები დაეხშოთ და შაბათის გადასვლამდე არ გაეხსნათ. ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებზე, რომ არ შემოტანილიყო ტვირთი შაბათ დღეს.
- 20გაათიეს ვაჭრებმა და ყოველი გასაყიდის გამყიდველებმა იერუსალიმის გარეთ ერთხელ და მეორედაც.
- 21ვაფრთხილებდი მათ და ვეუბნებოდი: "რაღად ათევთ ღამეს ქალაქის გალავნის პირდაპირ? თუ კიდევ გაიმეორებთ, ხელს აღვმართავ თქვენზე”. ამის მერე აღარ მოდიოდნენ შაბათობით.
- 22ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ და მოსულიყვნენ კარიბჭეთა დასაცავად, რათა წმიდაეყოთ შაბათი. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შენი წყალობის სიდიადისამებრ მომეპყარი.
- 23ვნახე იმ დღეებში იუდეველნი, რომლებიც აშდოდელ, ყამონელ და მოაბელ ქალებს ირთავდნენ.
- 24მათ ძეთაგან ნახევარი აშდოდურად ლაპარაკობდა, ებრაული ენა არ იცოდა და სხვა ხალხთა ენებზე მეტყველებდა.
- 25გავუჯავრდი და ვწყევლე ისინი; ზოგიერთი ვცემე, თმა დავაგლიჯე, ღმერთს ვაფიცებდი: არ მისცეთ-მეთქი თქვენი ასულები მათ ძეებს და ნურც თქვენთვის და თქვენი ძეებისთვის მოიყვანთ-მეთქი მათ ასულებს!
- 26განა ასე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ, თუმცა არსად ყოფილა მისი მსგავსი მეფე! უყვარდა იგი თავის ღმერთს და მთელ ისრაელზე დაადგინა მეფედ! მაინც აცდუნეს უცხოელმა ქალებმა!
- 27განა თქვენზეც უნდა ვისმენდეთ, რომ ამ დიდ ბოროტებას სჩადიხართ და სცოდავთ ჩვენი ღმერთის წინაშე უცხოტომელი ქალების შერთვით?”
- 28იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავარის ძეთაგან ერთ-ერთის ვაჟი ხორონელი სანბალატის სიძე იყო და გავაგდე ჩემგან.
- 29გაუხსენე მათ, ღმერთო ჩემო, რადგან შებღალეს ღვთისმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა.
- 30განვწმიდე ისინი ყოველივე წარმართულისგან; მღვდლებსა და ლევიანებს ყველას დავუდგინე მოვალეობანი, თითოეულს - თავისი მსახურებისამებრ.
- 31შეშისა და პირველნაყოფთა შესაწირები დავადგინე განსაზღვრულ დროს. სასიკეთოდ გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო.