ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ერთხელ ნისანის თვეში, მეფე ართახშასთას მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; რაკი სევდიანი არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,
- 2მკითხა მეფემ: "რატომ გაქვს სევდიანი სახე, ავად რომ არ ჩანხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის სევდა!” და ძალზე შევშინდი.
- 3ვუთხარი მეფეს: "იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სევდიანი სახე, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების სამარხებია, დანგრეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?”
- 4მკითხა მეფემ: "რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.
- 5ვუთხარი მეფეს: "თუ ინებებს მეფე, და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენ წინაშე, მაშინ გამგზავნე იუდაში, ჩემი მამების სამარხების ქალაქში, და თავიდან ავაშენებ მას”.
- 6მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალი ეჯდა გვერდით: "რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?” და ინება მეფემ ჩემი გაგზავნა და მეც დავუთქვი დრო.
- 7ვუთხარი: "თუ ინებებს მეფე, წერილები მომცენ მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა გზა მომცენ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.
- 8ერთი წერილი ასაფთან გამატანონ, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისთვის, რომელიც ღვთის სახლთანაა, ასევე ქალაქის კედლისთვის და სახლისთვის, რომელშიც შევალ”. და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.
- 9მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ ჯარის სარდლები და მხედრები გამომაყოლა.
- 10როდესაც ეს ამბავი სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მსახურმა, გაიგეს, დიდად აღშფოთდნენ, რომ კაცი მოვიდა ისრაელის ძეთა საკეთილდღეოდ.
- 11მივედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.
- 12ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ჩემმა ღმერთმა გულში იერუსალიმისთვის. არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რაზეც ვიჯექი.
- 13ღამიანად გავედი ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისკენ, დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
- 14გავიარე წყაროს კარიბჭისკენ და მეფის აუზისკენ, მაგრამ ადგილი არ აღმოჩნდა იქ, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რაზეც ვიჯექი.
- 15ასე ავუყევი ღამით ხევს და დავათვალიერე კედელი; ისევ უკან გამოვბრუნდი, მივედი ხევის კარიბჭესთან და შინ დავბრუნდი.
- 16ქალაქის მთავრებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მთავრებს და არც დანარჩენი საქმის მკეთებელთ ვეუბნებოდი ჯერ რაიმეს.
- 17ბოლოს ვუთხარი: "თქვენ ხედავთ იმ უბედურებას, რომელშიც ვიმყოფებით, როგორ არის იერუსალიმი მოოხრებული და მისი კარიბჭეები ცეცხლით დამწვარი: წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.
- 18და მოვუყევი ჩემი ღმერთის ხელის შესახებ, სასიკეთოდ რომ იდო ჩემზე, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, რომლებიც მითხრა. და თქვეს: "ავდგეთ და ავაშენოთ!” და განიმტკიცეს ხელი კეთილი საქმისთვის.
- 19გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მსახურმა და არაბმა გეშემმა. დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: "რას სჩადიხართ? მეფეს უჯანყდებით?”
- 20ვუპასუხე მათ: "ცათა ღმერთი მოგვიმართავს ხელს და ჩვენ, მისი მსახურები, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ კი არა გაქვთ წილი, უფლება და სახსენებელი იერუსალიმში!”
იტვირთება შემდეგი თავი