ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი და მისი ძმანი, მღვდლები და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; წმიდა ჰყვეს იგი, კარი ჩაუყენეს და წმიდა ჰყვეს მეას გოდოლამდე და ხანანელის გოდოლამდე.
- 2გვერდით იერიხოელნი აშენებდნენ. ხოლო მათ გვერდით ზაქურ იმრის ძე აშენებდა.
- 3თევზის კარიბჭეს სენაყას ძენი აშენებდნენ; გადახურეს და კარები ჩამოკიდეს თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
- 4მათ გვერდით კი ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა კედელს. მის გვერდით ბერექიაჰუ მეშეზაბელის ძის შვილი, მეშულამი ამაგრებდა, ხოლო მის გვერდით - ცადოკი, ბაყანას ძე.
- 5მათ გვერდით თეკოაყელები ამაგრებდნენ, თუმცა მათი დიდებულები თავს არ იწუხებდნენ თავიანთი უფლის საქმის გამო.
- 6ძველ კარიბჭეს იეჰოიადა ფასეახის ძე და მეშულამ ბესოდეიას ძე ამაგრებდნენ; გადახურეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
- 7მათ გვერდით მელატია გაბაონელი და იადონ მერონოთელი ამაგრებდნენ, გიბაონისა და მიცფას მკვიდრნი, რომლებიც მდინარისგაღმელი განმგებლის მფლობელობაში იყვნენ.
- 8მათ გვერდით ყუზიელ ხარჰაიას ძე, ოქრომჭედელი ამაგრებდა და მის გვერდით კი ანანია, რომელიც ერთ-ერთი მენელსაცხებლის ძე იყო; ფართო კედლამდე აღადგინეს მათ იერუსალიმი.
- 9მის გვერდით რეფაია ხურის ძე ამაგრებდა, იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარი.
- 10მის გვერდით საკუთარი სახლის წინ ამაგრებდა იედაია ხარუმაფის ძე, მის შემდეგ კი - ხატუშ ხაშაბნიას ძე.
- 11მეორე ნაწილი მალქია ხარიმის ძემ და ხაშუბ ფახათ-მოაბის ძემ გაამაგრეს და მათვე შეაკეთეს ღუმელის გოდოლიც.
- 12მის გვერდით იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარმა, შალუმ ჰალოხეშის ძემ გაამაგრა, თვითონ და მისმა ასულებმა.
- 13ხევის კარიბჭე ხანუნმა და ზანოახის მცხოვრებლებმა გაამაგრეს; ააშენეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მათვე ააშენეს ასი წყრთა კედელი ნაგვის კარიბჭემდე.
- 14ნაგვის კარიბჭე ბეთ-ქარემის ოლქის მთავარმა მალქია რეხაბის ძემ გაამაგრა, მან ააშენა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
- 15წყაროსთვალის კარიბჭე კი მიცფას ოლქის მთავარმა, შალუნ ქოლხოზეს ძემ გაამაგრა; მან ააშენა, გადახურა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მანვე ააშენა შელახის აუზის კედელი, სამეფო ბაღთან, დავითის ქალაქიდან ჩამომავალ საფეხურებამდე.
- 16მის შემდეგ ბეთცურის ნახევაროლქის მთავარმა ნეემია ყაზბუკის ძემ გაამაგრა, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ წყალსატევამდე და გმირთა სახლამდე.
- 17მის გვერდით ლევიანები ამაგრებდნენ, რეხუმბანის ძის ხელმძღვანელობით, ხოლო მის გვერდით, კეყილას ოლქის ნახევრის მთავარმა ხაშბაიამ გაამაგრა თავისი ოლქის სახელით.
- 18გვერდით კი მათი ძმები ამაგრებდნენ, ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევაროლქის მთავარი.
- 19მის გვერდით მიცფას ოლქის მთავარი ყეზერ იეშუას ძე ამაგრებდა კედლის ერთ ნაწილს, იარაღის საწყობის ასასვლელამდე, რომელიც კუთხეში იყო.
- 20მის შემდეგ კი მეორე ნაწილს ბარუქ ზაბაის ძე ამაგრებდა გულანთებული, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის შესასვლელამდე.
- 21შემდეგ ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა მეორე ნაკვეთს - ელიაშიბის სახლის შესასვლელიდან, ელიაშიბის სახლის ბოლომდე.
- 22შემდეგ შემოგარენში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ.
- 23მათ შემდეგ ბენიამინი და ხაშუბი ამაგრებდნენ თავიანთი სახლის წინ; შემდეგ კი მაყასეია ანანიას ძის ვაჟი ყაზარია ამაგრებდა კედელს თავის სახლთან;
- 24მის შემდეგ ბინუი, ხენადადის ძე ამაგრებდა მეორე ნაკვეთს - ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.
- 25ფალალ უზაის ძე კუთხისა და გოდოლის პირდაპირ აგებდა კედელს, მეფის ზემო სახლისა და სატუსაღოს ეზოსთან. მის შემდეგ ფედაია ფარყოშის ძე იყო.
- 26ტაძრის მსახურნი, ყოფელში რომ მკვიდრობდნენ, წყლის კარიბჭისა და აღმოსავლეთით, გამოშვერილი გოდოლის წინ ამაგრებდნენ.
- 27მათ შემდეგ თეკოაყელნი ამაგრებდნენ მეორე ნაკვეთს დიდი გამოშვერილი გოდოლის პირდაპირ და ყოფელის კედლამდე.
- 28ცხენთა კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თავისი სახლის წინ.
- 29მათ შემდეგ ცადოკ იმერის ძე ამაგრებდა თავისი სახლის წინ; მის შემდეგ კი შემაყია შექანიას ძე ამაგრებდა, აღმოსავლეთის კარიბჭის გუშაგი.
- 30მის შემდეგ ხანანია შელემიას ძე და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძე ამაგრებდნენ მეორე ნაწილს; მათ შემდეგ მეშულამ ბერექიას ძე ამაგრებდა თავისი საცხოვრებლის წინ.
- 31მის შემდეგ ამაგრებდა მალაქია, ერთ-ერთი ოქრომჭედლის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, რომელიც სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, ზემო მოსახვევთან იყო.
- 32ზემო მოსახვევსა და ცხვართა კარიბჭეს შორის მჭედლები და ვაჭრები ამაგრებდნენ.
იტვირთება შემდეგი თავი