ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1დიდი უკმაყოფილება ჩამოვარდა ხალხში და მათ ცოლებში იუდაელ მოძმეთა წინააღმდეგ.
- 2იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენ, ჩვენი ძეებითა და ასულებით, ბევრნი ვართ, ამიტომ ვიშოვოთ მარცვლეული, რათა ვჭამოთ და ვიცოცხლოთ”.
- 3იყვნენ სხვები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენს ყანებს, ვენახებსა და სახლებს ვაგირავებთ, რათა მარცვლეული ვიშოვოთ და არ ვიშიმშილოთ”.
- 4და იყვნენ ისეთნიც, რომლებიც ამბობდნენ: "ფული ვისესხეთ, რათა მეფისათვის ხარკი გადაგვეხადა, ჩვენი ყანებისა და ვენახებისათვის.
- 5თუმცა ჩვენი ხორცი ისეთივეა, როგორიც ჩვენი ძმებისა და ჩვენი ძენიც ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ იძულებულნი ვართ ჩვენი ძეები და ასულები მონებად მივცეთ, ხოლო ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია; აღარ ძალუძს ჩვენს ხელებს მათი გამოხსნა; ჩვენი ყანები და ვენახებიც სხვებს ეკუთვნის”.
- 6ძალიან გავბრაზდი, როცა მათი მოთქმა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.
- 7გულმა მიკარნახა, ვედავე დიდებულებსა და მთავრებს და ვუთხარი, თქვენს ძმებს ვახშს ახდევინებთ-მეთქი! დიდი კრებული მოვიწვიე მათ წინააღმდეგ.
- 8ვთქვი: "რაც შევძელით გამოვისყიდეთ წარმართებზე მიყიდული იუდაელი ძმები, თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ!” დადუმდნენ, რა ეთქვათ არ იცოდნენ.
- 9ვუთხარი: "არ არის კარგი თქვენი საქციელი! განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა ცხოვრობდეთ, რომ არ შერცხვეთ წარმართებისა და ჩვენი მტრების თვალში?
- 10მეც, ჩემი ძმებიც და მსახურებიც სესხად ვაძლევდით მათ ვერცხლსა და მარცვლეულს; მოდით, ნუღარ მოვითხოვთ ამ ვალს,
- 11დღესვე დაუბრუნეთ მათ ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ვერცხლის სარგებელი, მარცვლეული, ღვინო და ზეთი, რასაც ვახშად იღებდით”.
- 12მითხრეს: "დავუბრუნებთ და აღარ მოვითხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც ამბობ!” მოვუხმე მღვდელს და აღთქმა დავადებინე, რომ შეესრულებინათ სიტყვა.
- 13კალთები ჩამოვიბერტყე და ვთქვი: "ასე გაბერტყოს ღმერთმა თავისი სახლისგან და ნაშრომისგან ყოველი კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ სიტყვას; ასე გაბერტყილი და ცარიელი იყოს!” და თქვა მთელმა კრებულმა: "ამინ!” ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.
- 14იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყნის განმგებლობა მიბრძანა, ართახშასთას მეფობის მეოცედან ოცდამეთორმეტე წლამდე, თორმეტი წლის განმავლობაში, მე და ჩემს ძმებს განმგებლისთვის განწესებული პური არ გვიჭამია.
- 15განმგებლებმა, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ, ხალხს ცხოვრება დაუმძიმეს, მათგან პურსა და ღვინოსაც იღებდნენ, ვერცხლის ორმოცი შეკელის გარდა; მათი მსახურებიც კი ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ ღვთის მოშიშობის გამო, მე ასე არ მოვქცეულვარ.
- 16პირიქით, კედლის შენებას ვჩქარობდი და ყველა ჩემი მსახური იქ იკრიბებოდა სამუშაოდ. მიწები არ მიყიდია.
- 17მაგიდასთან ჩვენთან მოსულ მეზობლად მცხოვრები ხალხებიდან მოსულთა გარდა, ას ორმოცდაათი ებრაელი და მოხელე მეჯდა.
- 18აი, რა მზადდებოდა ყოველდღიურად: ერთი მოზვერი, ექვსი რჩეული ცხვარი და ფრინველი; ყოველ ათ დღეში - ნაირგვარი ღვინო უხვად. მაგრამ არც ამის გამო მომითხოვია გამგებლის პური, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის შრომა.
- 19სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო, ყველაფერი რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.
იტვირთება შემდეგი თავი