ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1როდესაც სანბალატმა, ტობიამ, არაბმა გაშმუმ და ჩვენმა დანარჩენმა მტრებმა გაიგეს, რომ ავაშენეთ კედელი და ბზარი არ დაგვიტოვებია მასში, თუმცა იმ ჟამად კარიბჭეებში კარები არ მქონდა ჩაყენებული,
- 2კაცი მომიგზავნეს სანბალატმა და გაშმუმ და შემომითვალეს: "წამო, ონოს დაბლობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთ”. განზრახული ჰქონდათ, რომ ბოროტება შეემთხვიათ ჩემთვის.
- 3მაცნეები გავუგზავნე და შევუთვალე: "დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა; რატომ უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ და ჩამოვალ თქვენთან?”
- 4ოთხჯერ გამომიგზავნეს ამ სიტყვით მაცნე და მეც იგივე პასუხი დავუბრუნე.
- 5ამავე სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ეჭირა.
- 6წერილში ეწერა: "ერებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და ებრაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული და კედელსაც ამიტომ აშენებ. ამავე ხმების თანახმად, მათზე გამეფება გაქვს განზრახული.
- 7წინასწარმეტყველებიც დაგიდგენია, რათა იერუსალიმში განაცხადონ შენზე და თქვან: არის მეფე იუდაში! ახლა მეფესაც აცნობებენ ამ სიტყვებს; ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ”.
- 8გავუგზავნე მაცნე და შევუთვალე: "ასეთი რამ, რასაც ამბობ, არ თქმულა, რადგან შენი გონებით თხზავ მაგას!”
- 9ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: "ხელები დაუსუსტდებათ და საქმეს ვერ დაასრულებენო”. ღმერთო, ახლა უფრო განმიმტკიცე ხელები!
- 10ამის შემდეგ შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის სახლში შევედი, რომელიც სახლში იყო ჩაკეტილი და მითხრა: "ღვთის სახლში წავიდეთ, ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად”.
- 11ვუთხარი: "განა ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს? ანდა ისეთი, როგორიც მე ვარ, სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში უნდა შევიდეს? არ შევალ-მეთქი!”
- 12მივხვდი, რომ ღმერთის გამოგზავნილი არ იყო. ჩემს წინააღმდეგ იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიასა და სანბალატს დაექირავებინათ.
- 13დაიქირავეს იმისთვის, რომ შემშინებოდა და ჩემი საქციელით ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაგმობად გამოიყენებდნენ.
- 14ღმერთო ჩემო, გაიხსენე ტობია და სანბალატი ამ საქმეებისამებრ; აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი და დანარჩენი წინასწარმეტყველებიც, რომლებსაც ჩემი დაშინება სურდათ.
- 15დასრულდა ქალაქის კედელი ელულის ოცდახუთში - ორმოცდათორმეტ დღეში.
- 16როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ერებმა დაინახეს, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენმა ღმერთმა აღასრულა ეს საქმე.
- 17იმ დღეებში, იუდას დიდებულების მრავალი წერილი მისდიოდა ტობიას, ტობიას წერილები კი მათ მისდიოდათ,
- 18რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო, ხოლო მის ძეს, იოხანანს, ცოლად მეშულამ ბერექიაჰუს ძის ასული ჰყავდა.
- 19ჩემს წინაშე მის კეთილ საქმეებზე ლაპარაკობდნენ, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ, ხოლო ტობია წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე.
იტვირთება შემდეგი თავი