ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 8

  1. 1
    და ერთი კაცივით შეიკრიბა მთელი ხალხი იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
  2. 2
    მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.
  3. 3
    განთიადიდან შუადღემდე კითხულობდა მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, მამაკაცთა, დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; მთელი ხალხის ყურადღება რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.
  4. 4
    იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გააკეთეს. გვერდში ედგნენ: მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია - მარჯვნივ, მარცხნივ კი - ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშულამი.
  5. 5
    გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა იგი; და როდესაც გახსნა, მთელი ხალხი წამოდგა ფეხზე.
  6. 6
    და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა "ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.
  7. 7
    იეშუა, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე.
  8. 8
    გარკვევით კითხულობდნენ ისინი წიგნს, ღმერთის რჯულს, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს.
  9. 9
    ნეემია განმგებელმა, ეზრა მღვდელმა და მწიგნობარმა და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: "ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის - ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!” რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვების მოსმენისას.
  10. 10
    უთხრა: "წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა”.
  11. 11
    ლევიანებიც ამშვიდებდნენ მთელ ხალხს ამ სიტყვებით: "დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ ნაღვლობთ”.
  12. 12
    წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, წილობების გასაგზავნად და დიდი ზეიმის აღსანიშნავად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომლებიც განუცხადეს მათ.
  13. 13
    მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან შეიკრიბნენ მთელი ხალხის მამისსახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.
  14. 14
    აღმოაჩინეს რჯულში დაწერილი, როგორ ამცნო უფალმა თავის ხალხს მოსეს მეშვეობით, რომ ისრაელის ძეებს კარვებში უნდა ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულზე.
  15. 15
    ისინიც ადგნენ, გამოაცხადეს და ხმა გაავრცელეს ყველა ქალაქსა და იერუსალიმში: "გადით მთაზე და მოიტანეთ ზეთისხილის რტოები, ნაძვის ხის რტოები, პალმისა და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით”.
  16. 16
    გავიდა ხალხი, მოიტანეს და გაიკეთეს კარვები, თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე.
  17. 17
    კარვები გაიკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდნენ მათში, რადგან იეშუა ნავეს ძის დღეებიდან ამ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ. და იყო ფრიად დიდი სიხარული.
  18. 18
    კითხულობდა ეზრა ღმერთის რჯულის წიგნს ყოველდღე, პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი შეკრება ჰქონდათ წესისამებრ.
იტვირთება შემდეგი თავი