ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1იმავე თვის ოცდამეოთხე დღეს მარხვით შეიკრიბნენ ისრაელის ძენი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი.
- 2გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს.
- 3თავ-თავის ადგილებზე იდგნენ და მეოთხედი დღე უფლის, თავისი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ.
- 4დადგნენ ლევიანთა აღსავალზე იეშუა, ბანაი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ხენანი და დიდი ხმით შეღაღადებდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
- 5ამის შემდეგ ლევიანები - იეშუა, კადმიელი, ბანი, ხაშაბნეია, შერებია, ჰოდია, შებანია, ფეთახია ამბობდნენ: "ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი უკუნითი უკუნისამდე! და კურთხეულ იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყოველ კურთხევასა და ქებას აღემატება.
- 6შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.
- 7შენ ხარ უფალი, ღმერთი, რომელმაც გამოარჩიე აბრამი, გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან და აბრაჰამი დაარქვი სახელად.
- 8ერთგულად სცანი მისი გული შენ წინაშე და აღთქმა დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა ქვეყანას მისცემდი მისი შთამომავლობისთვის დასამკვიდრებლად;
- 9იხილე ჩვენი მამების ტანჯვა ეგვიპტეში და ისმინე მათი ღაღადი წითელ ზღვასთან.
- 10ნიშნები და სასწაულები დაუშვი ფარაონზე, მის ყველა მონასა და მთელი მისი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ ამპარტავნულად ექცეოდნენ მათ და დღემდე გაითქვი სახელი შენი.
- 11ზღვა გააპე მათ წინაშე და მშრალზე გაიარეს შუა ზღვაში, მათი მდევრები კი სიღრმეში ჩაყარე, როგორც ქვები დიდ წყლებში.
- 12ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ დღისით და ცეცხლის სვეტით - ღამე, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.
- 13სინაის მთაზე დაეშვი და ზეციდან ელაპარაკე მათ; სამართლიანი დადგენილებანი და ჭეშმარიტი რჯული, წესები და კეთილი მცნებანი დაუდგინე.
- 14შენი წმიდა შაბათი აუწყე მათ, მცნებანი, წესდებანი და რჯული დაუწესე მოსეს, შენი მსახურის ხელით.
- 15მიეცი პური ზეციდან შიმშილის დასაცხრომად და კლდიდან წყალი გადმოუდინე წყურვილის მოსაკლავად; უთხარი, რომ შესულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომელიც ფიცით გქონდა მათთვის აღთქმული.
- 16მაგრამ გაიმაგრეს ქედი ჩვენმა მამებმა, გაამაყდნენ და არ ისმინეს შენი მცნებანი.
- 17არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.
- 18თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და ამბობდნენ: ესააო შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან! და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს მათ,
- 19მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში, დღისით ღრუბლის სვეტი არ განშორებია მათ გამძღოლად და ღამით ცეცხლის სვეტი, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.
- 20შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი - მათი მწყურვალებისას.
- 21ორმოც წელს ინახავდი მათ უდაბნოში, არაფერი მოჰკლებიათ - სამოსელი მათი არ გაცვეთილა და ფეხები მათი არ დასიებულა.
- 22მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, მიწები დაუნაწილე მათ და დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანას.
- 23ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ეუბნებოდი მათ მამებს, რომ შესულიყვნენ მის დასამკვიდრებლად.
- 24შევიდნენ ძენი და დაიმკვიდრეს ქვეყანა; დაუმორჩილე მათ ქანაანელთა ქვეყნის მკვიდრნი, ხელში ჩაუგდე ისინი, მათი მეფენი და ქვეყნის ხალხნი, რომ საკუთარი ნებისამებრ მოქცეოდნენ მათ.
- 25დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.
- 26მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.
- 27ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელთ, რათა შეევიწროებინათ. შემოგღაღადებდნენ შეჭირვების ჟამს და შენც უსმენდი ზეციდან შენი დიდი სიბრალულისამებრ, მხსნელთ მოუვლენდი და იხსნიდნენ ისინი მათ მტრების ხელიდან.
- 28სულს მოითქვამდნენ თუ არა, კვლავ ბოროტად იქცეოდნენ შენ წინაშე. ამიტომ, კვლავ მტრების ხელში ყრიდი მათ და ისინი ბატონობდნენ მათზე; შემოგღაღადებდნენ და ისევ ისმენდი ზეციდან, მრავალჯერ გამოიხსნიდი მათ, შენი დიდი სიბრალულისამებრ.
- 29შეაგონებდი მათ, რომ შენს რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ურჩობდნენ და არ ისმენდნენ შენს მცნებებს; არღვევდნენ შენს კანონებს, რომლის დაცვითაც იცოცხლებს კაცი; ზურგი გაქციეს, ქედი გაიმაგრეს და არაფერს ისმენდნენ.
- 30მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
- 31და მაინც, შენი დიდი სიბრალულის გამო, ბოლომდე არ გაგინადგურებია და მიგიტოვებია ისინი, რადგან მწყალობელი და შემბრალე ღმერთი ხარ შენ.
- 32ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, მცირედ ნუ ჩათვლი მთელ იმ უბედურებას, რომელიც გვეწია ჩვენ, ჩვენს მეფეთ, მთავრებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველთ, მამებსა და მთელ შენს ხალხს, აშურის მეფეთა დღეთაგან დღემდე.
- 33მართალი ხარ ყველაფერში, რაც ჩვენზე მოაწიე, რადგან ერთგულად მოგვექეცი, ჩვენ კი ბოროტებით გპასუხობდით.
- 34არც ჩვენი მეფენი, მთავარნი, მღვდლები და მამები აღასრულებდნენ შენს რჯულს, არც შენს მცნებებსა და შეგონებებს უსმენდნენ, რომლებითაც შეაგონებდი მათ.
- 35თავის სამეფოშიც კი - ვრცელ და პოხიერ ქვეყანაში, რომელიც შენ მიეცი მათ - არ გემსახურებოდნენ და თავის ბოროტ საქმეებზე უარს არ ამბობდნენ.
- 36აჰა, დღეს მონები ვართ და ტყვეობაში ვართ იმ მიწაზე, რომელიც მიეცი ჩვენს მამებს მისი ნაყოფისა და დოვლათის საჭმელად.
- 37მოსავალს ვიმკით მეფეთათვის, რომლებიც ჩვენი ცოდვების გამო დაგვიდგინე და თავისი სურვილისამებრ ბატონობენ ჩვენს სხეულებსა და პირუტყვზე; აჰა, დიდ შეჭირვებაში ვართ.
- 38ყოველივე ამის გამო, მტკიცე აღთქმას ვდებთ წერილობით, ჩვენი მთავრები, ლევიანნი და მღვდლები კი ბეჭედს უსვამენ”.
იტვირთება შემდეგი თავი