რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევის ძისა, დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა და ონი, ძე ფელეთისა - რეუბენიანები;
- 2და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი ისრაელიანი, თემისა და საკრებულოს მთავარნი, სახელოვანი კაცები და წინაღუდგნენ მოსეს.
- 3შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: "მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე! რადგან წმიდაა მთელი თემი და უფალი მკვიდრობს მასში! რატომ აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?"
- 4გაიგონა მოსემ და დაემხო პირქვე.
- 5უთხრა კორახს და მთელ მის დასს: "დილით უფალი დაგვანახებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, მას დართავს მიახლოვების ნებას და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს.
- 6ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა,
- 7ჩადეთ მასში ცეცხლი და ზედ საკმეველი დადეთ ხვალ უფლის წინაშე; რომელ კაცსაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე, ლევის ძენო!”
- 8უთხრა მოსემ კორახს: "ისმინეთ, ლევის ძენო!
- 9ნუთუ ცოტაა თქვენთვის, რომ გამოგყოთ ისრაელის ღმერთმა ისრაელიანთაგან და დაგიახლოვათ, რათა შეასრულოთ უფლის სავანის მსახურება და იდგეთ მის მსახურებად თემის წინაშე?
- 10დაგიახლოვა შენ და შენთან ერთად შენი ძმები, ლევის ძენი, ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
- 11ამიტომ შეიკრიბეთ უფლის წინააღმდეგ შენ და მთელი შენი დასი? ვინ არის აჰარონი, რომ დრტვინავთ მასზე?”
- 12და გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა დასაძახებლად, მათ კი თქვეს: "არ მოვალთ!
- 13ნუთუ არ კმარა, რომ გამოგვიყვანე იმ ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, რათა უდაბნოში მოგვაკვდინო და ახლა ჩვენზე გაბატონება მოინდომე?
- 14არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მინდორი და ვენახი მოგიცია სამკვიდრებლად, თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ მოვალთ!”
- 15განრისხდა მოსე და უთხრა უფალს: "ნუ მიხედავ მათ შესაწირს, სახედარიც კი არ გამომირთმევია მათთვის და ერთი მათგანისთვისაც არ მიბოროტია”.
- 16უთხრა მოსემ კორახს: "შენ და მთელი შენი დასი, უფლის წინაშე წარსდექით ხვალ, შენ, ისინი და აჰარონი.
- 17აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლური, ჩადეთ მასში საკმეველი და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე, ორას ორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აჰარონმა - თითოეულმა თავისი საცეცხლური”.
- 18აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და დადგნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან, მოსე და აჰარონიც იქ იყვნენ.
- 19შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან და უფლის დიდება გამოეცხადა მთელ თემს.
- 20უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
- 21"გამოეყავით ამ თემს და ერთ წამში მოვსპობ მათ”.
- 22პირქვე დაემხნენ და თქვეს: "უფალო, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე მრისხანებ?”
- 23უთხრა უფალმა მოსეს:
- 24"უთხარი თემს: განერიდეთ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომს”.
- 25ადგა მოსე, წავიდა დათანთან და აბირამთან და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები.
- 26უთხრა მან თემს: "აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს და მათსას ნურაფერს მიეკარებით, რათა არ აღიგავოთ მათ ცოდვებთან ერთად”.
- 27და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავისი ცოლებით, ძეებითა და მცირეწლოვანი ბავშვებით.
- 28თქვა მოსემ: "ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა ამ საქმის გასაკეთებლად და არ მიმოქმედია ჩემი ნებით.
- 29თუ ესენი ჩვეულებრივი სიკვდილით მოკვდებიან და ყველა მოკვდავის ბედს გაიზიარებენ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
- 30ხოლო თუ ისეთ რამეს მოიმოქმედებს უფალი, რაც აქამდე არ მომხდარა, გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და მთელს მათ საბადებელს და ცოცხლად ჩავლენ ქვესკნელში, მაშინ გაიგეთ, რომ შეიძულეს ამ ადამიანებმა უფალი”.
- 31და დაასრულა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ;
- 32გააღო მიწამ პირი, შთანთქა ისინი და მათი სახლეული, ყოველი ადამიანი, რომელიც კორახთან იყო და მთელი მათი ქონება.
- 33ჯერ კიდევ ცოცხალნი ჩაცვივდნენ ქვესკნელში ყველაფერთან ერთად, რაც გააჩნდათ, გადაეფარათ მიწა და აღიგავნენ კრებულიდან.
- 34ყველა ისრაელიანი, ვინც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე და ამბობდნენ: ჩვენც არ გვშთანთქასო მიწამ!
- 35ცეცხლი გამოვიდა უფლისგან და შთანთქა ორას ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.
- 36უთხრა უფალმა მოსეს:
- 37"უთხარი ელეაზარ მღვდელს, აჰარონის ძეს, ნახანძრალიდან საცეცხლურები აკრიფოს და მუგუზალი გარეთ მოაბნიოს, რადგან განიწმიდნენ საცეცხლურები.
- 38მათი საცეცხლურებიდან, ვინც სიცოცხლის ფასად შესცოდა, ფურცლები გამოჭედონ სამსხვერპლოს მოსაჭედად, რადგან უფლის წინაშე მიიტანეს ისინი და განწმიდეს; და იქნება ეს ნიშნად ისრაელის ძეთათვის”.
- 39აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი და გააბრტყელეს სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად;
- 40რათა ახსოვდეთ ისრაელის ძეებს, რომ უცხო პირი, რომელიც აჰარონის შთამომავალი არ არის, არ მივიდეს საკმევად უფლის წინაშე და არ დაისაჯოს კორახისა და მისი დასივით, როგორც უთხრა მას უფალმა მოსეს მეშვეობით.
- 41და დრტვინავდა მეორე დღეს ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აჰარონზე; "თქვენ დახოცეთო უფლის ხალხი”.
- 42როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისკენ და დაინახეს, რომ დაფარა ღრუბელმა და გამოცხადდა უფლის დიდება.
- 43და მივიდნენ მოსე და აჰარონი საკრებულო კარვის წინ.
- 44უთხრა უფალმა მოსეს:
- 45"გამოეყავით თემს და ერთ წამში მოვსპობ მათ”; და პირქვე დაემხნენ ისინი.
- 46უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე საცეცხლური, შიგ სამსხვერპლოდან აღებული ცეცხლი ჩადე და ზედ საკმეველი დაადე, წადი სწრაფად თემისკენ და გამოისყიდე ისინი; რადგან რისხვა გამოვიდა უფლისგან და დაიწყო მუსვრა”.
- 47აიღო აჰარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ და კრებულის შუაგულისკენ გაიქცა; ხედავს, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში; დაადო საკმეველი და გამოისყიდა ხალხი.
- 48და დადგა იგი დახოცილთა და ცოცხლებს შორის და შეწყდა მუსვრა.
- 49კორახის გამო დახოცილთა გარდა, თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი შემუსრა სიკვდილმა.
- 50და დაბრუნდა აჰარონი მოსესთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, მას შემდეგ, რაც შეწყდა მუსვრა.
იტვირთება შემდეგი თავი