რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1მივიდნენ ისრაელის ძენი, მთელი თემი, ცინის უდაბნოში პირველ თვეს. და შეჩერდა ხალხი კადეშში, იქ მოკვდა მირიამი და იქვე დაიკრძალა.
- 2არ ჰქონდა თემს წყალი და შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ.
- 3ედავებოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: "ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები იხოცებოდნენ უფლის წინაშე.
- 4რისთვის მოიყვანეთ უფლის კრებული ამ უდაბნოში, რათა აქ დავიხოცოთ ჩვენ და ჩვენი საქონელი?
- 5რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან? იმისათვის, რომ ამ უკაცრიელ ადგილზე მოგეყვანეთ, სადაც არც სათესი ადგილია, არც ლეღვია, არც ვაზი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალი?”
- 6წავიდნენ მოსე და აჰარონი კრებულისგან საკრებულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადათ უფლის დიდება.
- 7უთხრა უფალმა მოსეს:
- 8"აიღე კვერთხი და შეკრიბეთ თემი შენ და აჰარონმა, შენმა ძმამ; მათ თვალწინ უთხარით კლდეს და მოგცემთ თავის წყალს; გადმოსჩქეფს კლდიდან წყალი და ასვი შენს თემსა და მათ პირუტყვს”.
- 9და აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა.
- 10შეკრიბეს მოსემ და აჰარონმა კრებული კლდესთან და უთხრა მათ: "ისმინეთ, ურჩებო, ამ კლდიდან გადმოგიჩქეფოთ წყალი?”
- 11აღმართა მოსემ ხელი და ორჯერ დაჰკრა კვერთხი კლდეს. გადმოსკდა წყალი უხვად და სვა თემმა და მისმა პირუტყვმა.
- 12უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "რადგან არ მერწმუნეთ და არ გამოავლინეთ ჩემი სიწმიდე ისრაელის ძეთა თვალწინ, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული”.
- 13მერიბას წყალი იყო ეს, სადაც უფალს შეედავნენ ისრაელიანნი და წმიდად გამოჩნდა იგი მათში.
- 14და გააგზავნა მოსემ მოციქულები კადეშიდან ედომის მეფესთან ამ სიტყვებით: "ასე ამბობს შენი ძმა, ისრაელი: შენ იცი ყოველი სიძნელე, რომელიც თავს გადაგვხდა.
- 15როგორ ჩავიდნენ ჩვენი მამები ეგვიპტეში, დიდხანს ვცხოვრობდით იქ და ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელნი ჩვენც და ჩვენს მამებსაც.
- 16შევღაღადეთ უფალს და ისმინა მან ჩვენი ხმა, ანგელოზი მოავლინა, გამოგვიყვანა ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ, შენს მოსაზღვრე ქალაქში.
- 17გთხოვთ, გაგვატარო, შენს ქვეყანაზე; არ გავივლით ყანებზე და ვენახებზე, არც შენი ჭის წყალს დავლევთ. სამეფო გზით ვივლით, არ გადავუხვევთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვარს”.
- 18უთხრა ედომმა: "არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით გამოვალ შენს წინააღმდეგ”.
- 19უთხრეს ისრაელიანებმა: "მთავარი გზით ვივლით, თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საფასურს გადაგიხდით; არ გთხოვ არაფერს, მხოლოდ ფეხით გავივლით”.
- 20მაგრამ მან შეუთვალა: "არ გაიარო!” და გამოვიდა ედომი მის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ხალხით და ძლიერი ხელით.
- 21არ დათანხმდა ედომი ისრაელისთვის გზის მიცემაზე, რათა გაევლო მის საზღვრებში; გვერდი აუარა მას ისრაელმა.
- 22დაიძრნენ კადეშიდან და მივიდა ისრაელიანთა მთელი თემი ჰორის მთასთან.
- 23უთხრა უფალმა მოსესა და აჰარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე:
- 24"შეერთოს აჰარონი თავის ხალხს, ვინაიდან ვერ შევა იგი იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი ისრაელიანებს, რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან.
- 25წაიყვანე აჰარონი და ელეაზარი, მისი ძე და აიყვანე ჰორის მთაზე.
- 26გახადე აჰარონს სამოსი და მისი ძე, ელეაზარი შემოსე მისით, რადგან შეერთვება აჰარონი მის ხალხს და მოკვდება იქ”.
- 27ისე გააკეთა მოსემ, როგორც უფალმა ბრძანა და ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი თემის თვალწინ.
- 28გახადა მოსემ აჰარონს სამოსი და მისი ძე, ელეაზარი შემოსა. და მოკვდა აჰარონი იქ, მთის მწვერვალზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან.
- 29იხილა მთელმა თემმა, რომ მოკვდა აჰარონი და დასტიროდა აჰარონს ისრაელის მთელი სახლი ოცდაათ დღეს.
იტვირთება შემდეგი თავი