რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1გაიგო ქანაანელმა ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით, შეებრძოლა ისრაელს და ტყვედ წაიყვანა ზოგიერთი მათგანი.
- 2აღთქმა დაუდო ისრაელმა უფალს და თქვა: "თუ ხელში ჩამიგდებ ამ ხალხს, მაშინ ავაოხრებ მათ ქალაქებს”.
- 3და შეისმინა უფალმა ისრაელის ხმა, მისცა ქანაანელნი, ააოხრეს ისინი თავის ქალაქებიანად და უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა ანუ აოხრება.
- 4ჰორის მთიდან წითელი ზღვისაკენ მიმავალი გზით დაიძრნენ, რათა შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
- 5და ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: "რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა უდაბნოში დავიხოცოთ? არც პურია, არც წყალი და ეს უვარგისი საჭმელიც შესძაგდა ჩვენს სულს”.
- 6მოუვლინა უფალმა ხალხს ცეცხლოვანი გველები, დაკბინეს ხალხი და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი.
- 7მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: "შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ; ილოცე უფლისადმი, რომ მოგვაშოროს გველი”. და ილოცა მოსემ ხალხისთვის.
- 8უთხრა უფალმა მოსეს: "გააკეთე ცეცხლოვანი გველი და სვეტზე მიამაგრე, შეხედავს რა მას ყოველი დაგესლილი, იცოცხლებს”.
- 9გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და სვეტზე მიამაგრა; თუ დაგესლავდა გველი კაცს, შეხედავდა სპილენძის გველს და უვნებელი რჩებოდა.
- 10დაიძრნენ ისრაელის ძენი და დაიბანაკეს ობოთში.
- 11აიყარნენ ობოთიდან და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირდაპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ.
- 12დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ ზარედის ხევში.
- 13გაემგზავრნენ იქიდან და არნონის მიღმა დაბანაკდნენ უდაბნოში, რომელიც ამორელთა საზღვრიდან გამოდის; ვინაიდან არნონი მოაბს ესაზღვრება, მოაბსა და ამორელებს შორის.
- 14ამიტომაა ნათქვამი უფლის ომების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ნაკადებში,
- 15ქანობი ნაკადებისა, რომელიც შებეთ-არასაკენ ეშვება და მოაბის საზღვარს ემიჯნება.
- 16იქიდან ჭისკენ წავიდნენ. ეს ის ჭაა, რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: "შეკრიბე ხალხი, რათა მივცე მათ წყალი”.
- 17მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: "აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას.
- 18ჭას, რომელიც მთავრებმა ამოთხარეს, წარჩინებულებმა ხალხთაგან, თავიანთი კვერთხითა და არგნებით!” ხოლო უდაბნოდან მათანასაკენ გაემართნენ.
- 19მათანადან - ნახალიელისკენ და ნახალიელიდან - ბამოთისკენ.
- 20ბამოთიდან - მოაბის ველის ხეობისკენ, ფისგას მწვერვალთან, უდაბნოს პირდაპირ.
- 21და წარგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონთან, ამორელთა მეფესთან, ამ სიტყვებით:
- 22"გავივლით შენს ქვეყანაზე; არც მდელოზე შევალთ და არც ვენახში, არ დავლევთ შენი ჭის წყალს და სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს”.
- 23მაგრამ არ მისცა სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება ისრაელს; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში; მივიდა იაჰცაში და შეებრძოლა ისრაელს.
- 24წარხოცა იგი ისრაელმა მახვილის პირით და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ტომებამდე, ვინაიდან გამაგრებული იყო ყამონელთა ტომების საზღვარი.
- 25აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა იგი ამორელთა ქალაქებში, ხეშბონსა და მის ყველა სოფელში.
- 26რადგან ხეშბონი ამორელთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო; ებრძოდა იგი მოაბის წინა მეფეს და წაგლიჯა ხელიდან მთელი ქვეყანა არნონამდე.
- 27ამიტომ ამბობდნენ: "შემოდით ხეშბონში, აშენდება იგი და განმტკიცდება ქალაქი სიხონისა!
- 28ვინაიდან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი.
- 29ვაი შენ, მოაბ! განადგურდა ხალხი ქემოშისა! მისცა თავისი ძენი ლტოლვილებად და ასულნი ტყვეებად ამორელთა მეფეს, სიხონს.
- 30ჩვენ განვგმირეთ ისინი; დაიღუპა ხეშბონი დიბონამდე და ავაოხრეთ ნოფახამდე, რომელიც მედების მახლობლადაა”.
- 31და დასახლდა ისრაელი ამორელთა ქვეყანაში.
- 32წარგზავნა მოსემ ჯაშუშები იაყზერის დასაზვერად; დაიპყრეს მისი გარეუბნები და განდევნეს იქაური ამორელნი.
- 33შემობრუნდნენ და წამოვიდნენ ბაშანის გზით. და გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით, ედ-რეყიში საბრძოლველად.
- 34უთხრა უფალმა მოსეს: "ნუ გეშინია მისი, რადგან შენს ხელს გადავეცი იგი, მთელი მისი ხალხი და ქვეყანა; მასაც ისე მოექეცი, როგორც სიხონს, ამორელთა მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
- 35განგმირეს იგი, მისი ძენი და მთელი ხალხი, არ დატოვეს არც ერთი გადარჩენილი და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა.
იტვირთება შემდეგი თავი