რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 22

  1. 1
    დაიძრნენ ისრაელის ძენი და მოაბის ველზე, იორდანეს გაღმა მხარეს, იერიხოსთან დაბანაკდნენ.
  2. 2
    იხილა ბალაკმა, ციფორის ძემ, ყველაფერი, რაც ისრაელმა დამართა ამორელებს.
  3. 3
    და ფრიად შეუშინდნენ ამ ხალხს მოაბელნი, რადგან მრავალრიცხოვანი იყო იგი; დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.
  4. 4
    უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: "გააჩანაგებს ეს აურაცხელი ხალხი ყოველივეს, რაც ჩვენს გარშემოა, როგორც ხარი აჩანაგებს ველის ბალახს”. ბალაკ ციფორის ძე კი მოაბის მეფე იყო მაშინ.
  5. 5
    და გაუგზავნა მოციქულები ბილყამ ბეყორის ძეს, ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს; მისი ხალხის ძეთა ქვეყანაში და დაუძახა ამ სიტყვებით: აჰა, ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან; აჰა, დაფარა მან მიწის პირი და დამკვიდრდა ჩემს პირდაპირ.
  6. 6
    გთხოვ, მოდი და დაწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი: ეგების შევძლო და განვდევნო ამ ქვეყნიდან; რადგან ვიცი: ვისაც აკურთხებ, კურთხეული იქნება და ვისაც დაწყევლი, წყეული იქნება”.
  7. 7
    წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები; სამისნო საზღაურით ხელში მივიდნენ ბილყამთან და გადასცეს ბალაკის სიტყვები.
  8. 8
    უთხრა მათ ბილყამმა: "აქ გაათიეთ ეს ღამე და გაგცემთ პასუხს, როგორც მეტყვის უფალი”. დარჩნენ მოაბის მთავრები ბილყამთან.
  9. 9
    მივიდა ღმერთი ბილყამთან და ჰკითხა: "ვინ არიან ეს კაცები?”
  10. 10
    უთხრა ბილყამმა ღმერთს: "ბალაკმა, ციფორის ძემ, მოაბის მეფემ, გამოგზავნა ჩემთან ამ სიტყვებით:
  11. 11
    აჰა, ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა და დაფარა მიწის პირი; ახლა წადი და დამიწყევლე იგი, ეგების შევძლო შებრძოლება მასთან, რომ განვდევნოო იგი”.
  12. 12
    უთხრა ღმერთმა ბილყამს: "არ წაჰყვე მათ და არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი”.
  13. 13
    ადგა ბილყამი დილით და უთხრა ბალაკის მთავრებს: "წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან არ უნდა უფალს, რომ გამოგყვეთ”.
  14. 14
    ადგნენ მოაბელი მთავრები, მივიდნენ ბალაკთან და უთხრეს: "არ მოინდომა ბილყამმა ჩვენთან წამოსვლა”.
  15. 15
    კვლავ გაგზავნა ბალაკმა მრავალი მთავარი, ამჯერად უფრო პატივსაცემნი.
  16. 16
    მივიდნენ ბილყამთან და უთხრეს: "ასე თქვა ბალაკმა, ციფორის ძემ: ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე.
  17. 17
    რადგან დიდ პატივს გცემ და ყველაფერს, რასაც მეტყვი, გავაკეთებ; გთხოვ, წამოდი და დაწყევლე ეს ხალხი”.
  18. 18
    მიუგო ბილყამმა და უთხრა ბალაკის მსახურებს: "თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც პატარა საქმეს გავაკეთებ და ვერც დიდს.
  19. 19
    გთხოვთ, დარჩით აქ ეს ღამე და გავიგებ, კიდევ რას მეტყვის უფალი”.
  20. 20
    მივიდა ღმერთი ბილყამთან ღამით და ჰკითხა: "თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და გაჰყევი მათ; ოღონდ, რასაც მე გეტყვი, იმას გააკეთებ”.
  21. 21
    ადგა ბილყამი დილით, შეკაზმა თავისი ვირი და გაჰყვა მოაბელთა მთავრებს.
  22. 22
    აღინთო ღმერთის რისხვა, მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ამხედრებული იყო იგი თავის ვირზე და ორი მსახური ახლდა თან.
  23. 23
    და დაინახა ვირმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია ვირმა გზიდან და წავიდა მინდორზე. ცემა დაუწყო ვირს ბილყამმა, რათა გზისკენ მოებრუნებინა.
  24. 24
    დადგა უფლის ანგელოზი ბილიკზე ვენახებს შორის: ერთი მხრიდანაც ღობე იყო და მეორე მხრიდანაც.
  25. 25
    დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი, მიეკრა კედელს და ბილყამის ფეხიც მიაჭყლიტა ზედ; ისევ დაუწყო ცემა ვირს.
  26. 26
    კვლავ გაიარა უფლის ანგელოზმა და დადგა ვიწრო ადგილზე, სადაც არც მარჯვნივ იყო გადასახვევი გზა და არც მარცხნივ.
  27. 27
    დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი და გაწვა ბილყამის ქვეშ. აღინთო ბილყამის რისხვა და ჯოხით ცემა დაუწყო ვირს.
  28. 28
    პირი გაუხსნა ვირს უფალმა და უთხრა ვირმა ბილყამს: "რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?”
  29. 29
    უთხრა ბილყამმა ვირს: "მასხრად ამიგდე; მახვილი რომ მქონოდა ხელში, ახლავე მოგკლავდი”.
  30. 30
    უთხრა ვირმა ბილყამს: "განა შენი ვირი არა ვარ, რომლითაც მთელი შენი ცხოვრება დადიხარ? ოდესმე თუ მოგქცევივარ ასე?” უპასუხა: "არა”.
  31. 31
    აუხილა უფალმა თვალები ბილყამს და დაინახა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში; მოიდრიკა ბილყამი და თაყვანი სცა პირქვე დამხობილმა.
  32. 32
    უთხრა მას უფლის ანგელოზმა: "რად სცემე ვირი სამჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში.
  33. 33
    დამინახა ვირმა და სამჯერ გადაუხვია ჩემგან; რომ არ გადაეხვია, მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი”.
  34. 34
    უთხრა ბილყამმა უფლის ანგელოზს: "შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ დამიდექი გზაზე; ახლა კი, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან გავბრუნდები”.
  35. 35
    უთხრა უფლის ანგელოზმა ბილყამს: "წაჰყევი ამ კაცებს, მაგრამ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი”. და გაჰყვა ბილყამი ბალაკის თავკაცებს.
  36. 36
    გაიგო ბალაკმა, რომ მოვიდა ბილყამი და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბელთა ქალაქში, რომელიც არნონის საზღვარზე მდებარეობს, მის კიდეზე.
  37. 37
    უთხრა ბალაკმა ბილყამს: "ხომ გამოვგზავნე შენს დასაძახებლად? რად არ მოხვედი ჩემთან? ნუთუ არ ძალმიძს შენი პატივისცემა?”
  38. 38
    უთხრა ბილყამმა ბალაკს: "აჰა, მოვედი. ნუთუ ძალმიძს რაიმეს თქმა? რასაც ღმეთი მოათავსებს ჩემს ბაგეებში, იმას ვიტყვი”.
  39. 39
    წავიდა ბილყამი ბალაკთან და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში.
  40. 40
    დაკლა ბალაკმა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და გაუგზავნა ბილყამს და თავკაცებს, რომლებიც მასთან იყვნენ.
  41. 41
    დილით წაიყვანა ბალაკმა ბილყამი და აიყვანა ბაყალის გორაკებზე. და დაინახა იქიდან ბილყამმა ხალხის განაპირა ბანაკი.
იტვირთება შემდეგი თავი