რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1უთხრა ბილყამმა ბალაკს: "ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი ზვარაკი და შვიდი ვერძი”.
- 2გააკეთა ბალაკმა ბილყამის ნათქვამისამებრ და აიტანეს მან და ბილყამმა თითო მოზვერი და ვერძი ყოველ სამსხვერპლოზე.
- 3უთხრა ბილყამმა ბალაკს: "დაუდექი შენს სრულადდასაწველს და მე კი წავალ, ვინძლო მოვიდეს უფალი ჩემთან შესახვედრად და რასაც მეტყვის, შეგატყობინებ”. და ამაღლებული ადგილისკენ წავიდა იგი.
- 4გამოეცხადა ღმერთი ბილყამს და უთხრა მას ბილყამმა: "მოვაწყე შვიდი სამსხვერპლო, თითო მოზვერი და ვერძი აღვავლინე ყოველ მათგანზე”.
- 5ჩადო ბილყამის ბაგეებში უფალმა სიტყვები და უთხრა: "დაბრუნდი ბალაკთან და ეს სიტყვები უთხარი”.
- 6დაბრუნდა მასთან და, აჰა, დგას იგი თავის სრულადდასაწველთან, მოაბის ყველა უხუცესთან ერთად.
- 7და თქვა მან თავისი იგავი: "არამიდან მომიყვანა ბალაკმა, მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან: წამოდი და დამიწყევლე იაკობი, წამოდი და შერისხე ისრაელი.
- 8როგორ დავწყევლო? ღმერთი არ წყევლის! როგორ შევრისხო? უფალი არ რისხავს!
- 9კლდეთა მწვერვალებიდან ვხედავ მას და მთებიდან დავცქერი: აჰა, ხალხი მკვიდრობს განცალკევებით და ხალხთა შორის არ ირიცხება.
- 10ვინ აღრიცხავს იაკობის მტვერს და ვინ გამოთვლის ისრაელის მეოთხედს? დაე მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი”.
- 11უთხრა ბალაკმა ბილყამს: "ეს რა მიყავი? ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიყვანე და, აჰა, ლოცვით აკურთხე”.
- 12უპასუხა: "განა რასაც უფალი დამიდებს ბაგეზე, ზუსტად არ უნდა ვთქვა?”
- 13უთხრა მას ბალაკმა: "გამომყევი სხვა ადგილზე, საიდანაც დაინახავ მას. დაინახავ, მაგრამ მხოლოდ მის ნაწილს, მთლიანად კი ვერ იხილავ; იქიდან დამიწყევლე ისინი”.
- 14წაიყვანა იგი ცოფიმის ველზე, ფისგას მწვერვალზე; ააგო შვიდი სამსხვერპლო და მოზვერი და ვერძი აღავლინა თითოეულ სამსხვერპლოზე.
- 15უთხრა მან ბალაკს: "აქ დადექი, შენს სრულადდასაწველთან და მე კი წავალ უფალთან შესახვედრად”.
- 16შეხვდა უფალი ბილყამს, ჩაუდო სათქმელი ბაგეებში და უთხრა: "დაბრუნდი ბალაკთან და ეს ელაპარაკე”.
- 17დაბრუნდა მასთან და, აჰა, თავის სრულადდასაწველთან დგას იგი მოაბის ყველა უხუცესთან ერთად. ჰკითხა ბალაკმა: "რა თქვა უფალმა?”
- 18თქვა თავისი იგავი: "ადექი, ბალაკ, და ისმინე; ყურად იღე ჩემი, ციფორის ძეო.
- 19ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს და არც კაცის ძეა, რომ აზრი შეიცვალოს. განა უთქვამს და არ გაუკეთებია?
- 20აჰა, კურთხევა მებრძანა, აკურთხა მან და არ ძალმიძს მისი შებრუნება.
- 21ბოროტება არ შეუმჩნევია იაკობში და უმართლობა არ დაუნახავს ისრაელში; უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა და სამეფო ყიჟინაა მასში.
- 22ღმერთმა გამოიყვანა ის ეგვიპტიდან; მარტორქასავით ძლიერია იგი.
- 23რადგან არაა შელოცვა იაკობის წინააღმდეგ და ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. იტყვიან თავის დროზე იაკობსა და ისრაელზე: აი, რას აკეთებს ღმერთი!
- 24აჰა, წამოიმართება ხალხი ლომის ბოკვერივით და ლომივით აღიმართება; სანამ ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს, არ დაწვება”.
- 25უთხრა ბალაკმა ბილყამს: "თუ არ წყევლი, ნურც აკურთხებ!”
- 26მიუგო ბილყამმა და უთხრა ბალაკს: "განა არ გითხარი, ისე მოვიქცევი, როგორც უფალი მიბრძანებს-თქო?”
- 27უთხრა ბალაკმა ბილყამს: "წამოდი, სხვა ადგილზე წაგიყვან; იქნებ იქ მოინდომოს ღმერთმა და დამიწყევლე იქიდან”.
- 28და აიყვანა ბალაკმა ბილყამი ფეღორის მწვერვალზე, რომელიც უდაბნოს დასცქერის.
- 29უთხრა ბილყამმა ბალაკს: "ამიშენე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი”.
- 30ბილყამის ნათქვამისამებრ მოიქცა ბალაკი და აღავლინა ზვარაკი და ვერძი სამსხვერპლოზე.
იტვირთება შემდეგი თავი