რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 25

  1. 1
    დარჩა ისრაელი შიტიმში და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან;
  2. 2
    თავიანთი ღმერთების სამსხვერპლოებთან იწვევდნენ ხალხს ისინი და ჭამდა ხალხი და სცემდა თაყვანს მათ ღმერთებს.
  3. 3
    მიეწება ისრაელი ბაყალ-ფეღორს და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე.
  4. 4
    უთხრა უფალმა მოსეს: "მოიყვანე ხალხის ყოველი მთავარი, ჩამოკიდე ისინი უფლის წინაშე მზისით და უკან მიიქცევა უფლის რისხვის მძვინვარება ისრაელისგან”.
  5. 5
    უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: "ყველა მოკალით იმ კაცთაგან, ვინც ბაყალ-ფეღორს მიეტმასნა”.
  6. 6
    და აჰა, მოვიდა ერთი ისრაელის ძეთაგანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ, როცა მოთქვამდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.
  7. 7
    დაინახა ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, წამოდგა შუაგულ კრებულში და შუბი აიღო ხელში.
  8. 8
    მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარვამდე და ორივე განგმირა შუბით, ისრაელიანი და ქალი - მუცელში; და შეწყდა ისრაელის ძეთა მოსრვა.
  9. 9
    ოცდაოთხი ათასი კაცი მოსრა ამ ჭირმა.
  10. 10
    უთხრა უფალმა მოსეს:
  11. 11
    "დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, რადგან შური იძია ჩემთვის და აღარ მოვსპე ისრაელის ძენი ჩემი შურისძიებით.
  12. 12
    ამიტომ უთხარი, რომ მშვიდობის აღთქმას ვაძლევ მას.
  13. 13
    და იქნება ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მის შემდგომ მღვდლობის მარადიულ აღთქმად, ვინაიდან შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი”.
  14. 14
    მოკლული ისრაელიანის სახელი კი, რომელიც მიდიანელ ქალთან ერთად მოიკლა, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონის მამისსახლის მთავარი.
  15. 15
    ხოლო, მიდიანელ ქალს, რომელიც მოიკლა სახელად ერქვა ქოზბი, ასული ცურისა, მამისეული ტომის მთავრისა მიდიანში.
  16. 16
    უთხრა უფალმა მოსეს:
  17. 17
    "მტრობდეთ მიდიანელებს და განგმირეთ,
  18. 18
    ვინაიდან მტრულად მოგექცნენ ისინი თავისი მზაკვრობით, როდესაც გაცთუნეს ფეღორითა და ქოზბით, მიდიანელთა მთავრის ასულით, რომელიც და იყო მათი და მოიკლა მომსვრელი სენის დღეს - ფეღორის გამო”.
იტვირთება შემდეგი თავი