რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 28
- 1უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"უბრძანე ისრაელის ძეებს და უთხარი: გახსოვდეთ, რომ თავის დროზე მოიტანოთ ჩემი შესაწირი ჩემთან, ჩემი პური საცეცხლო მსხვერპლისთვის, საამო კეთილსურნელებად.
- 3უთხარი: ესაა საცეცხლო მსხვერპლი, რომელსაც შესწირავ უფალს - ორი ერთწლიანი უნაკლო კრავი ყოველდღე, მუდმივ სრულადდასაწველად.
- 4ერთი კრავი დილით შესწირე, მეორე კრავი კი - დაბინდებისას.
- 5პურეულ შესაწირად - მეოთხედ ჰინ სუფთა ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი.
- 6მუდმივი სრულადდასაწველია ეს, რომელიც სინაის მთაზე, საამო კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად იყო შეწირული უფლისთვის;
- 7და სასმელი მასთან ერთად - თითო კრავზე ჰინის მეოთხედი; წმიდა ადგილზე დაღვარე იგი, მაგარი სასმელი უფლისთვის.
- 8მეორე კრავი დაბინდებისას შესწირე; დილანდელი პურეული და საღვრელი შესაწირის მსგავსად, მოამზადე საცეცხლო შესაწირად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.
- 9შაბათ დღეს ორი ერთწლიანი, უნაკლო კრავი და პურეული შესაწირი, ჰინის მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი ორი მეათედი ნაწილი გამტკიცული ფქვილი და მისი საღვრელი.
- 10ეს საშაბათო სრულადდასაწველია ყოველ შაბათს, მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი საღვრელი შესაწირის გარდა.
- 11ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი უნაკლო კრავი.
- 12პურეულ შესაწირად, ერთ მოზვერზე, ზეთში აზელილი სამი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი და ერთ ვერძზე ზეთში აზელილი ორი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი;
- 13პურეულ შესაწირად - ერთ კრავზე, ზეთში აზელილი ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი. ეს სრულადდასაწველი, საამო კეთილსურნელებაა, შესაწირია უფლისა.
- 14მათი საღვრელი შესაწირი: ჰინის ნახევარი ღვინო მოზვერზე, მესამედი ჰინი ვერძზე და მეოთხედი ჰინი - კრავზე. ეს არის სრულადდასაწველი ყოველი თვის დასაწყისში, წელიწადის თვეებში.
- 15და შესწირეთ უფალს ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, მუდმივი სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს იგი, მის საღვრელთან ერთად.
- 16პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს უფლის პასექია.
- 17ამ თვის მეთხუთმეტე დღეს - დღესასწაულია; შვიდ დღეს ხმიადები უნდა იჭამოს.
- 18წმიდა შეკრებაა პირველ დღეს; არავითარი საქმე არ უნდა აკეთოთ.
- 19და შესწირეთ უფალს საცეცხლო, სრულადდასაწველ მსხვერპლად: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი; უნაკლონი უნდა იყვნენ.
- 20მათი პურეული შესაწირი იყოს ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი, სამი მეათედი ეფა მოზვერზე და ორი მეათედი ეფა ვერძზე;
- 21მეათედი ეფა შესწირე თითოეულ კრავზე იმ შვიდთაგან;
- 22ერთი ვაცი ცოდვისთვის შესაწირად, თქვენს გამოსასყიდად.
- 23დილის მუდმივ სრულადდასაწველზე დამატებით შესწირეთ ესენი;
- 24ასე შესწირეთ ყოველდღე შვიდი დღის განმავლობაში; პური, საცეცხლო შესაწირი, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის; მუდმივი სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს მის საღვრელ შესაწირთან ერთად.
- 25მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებაა თქვენთვის, არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
- 26პირველნაყოფთა დღეს, როცა ახალ პურეულ შესაწირს შესწირავთ უფალს თქვენს შვიდეულებში, წმიდა შეკრება გქონდეთ; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
- 27და შესწირეთ სრულადდასაწველი, საამო კეთილსურნელებად უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი;
- 28და მათი პურეული შესაწირი - ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი: სამი მეათედი ეფა თითოეულ მოზვერზე, ორი მეათედი - ვერძზე,
- 29ერთი მეათედი ეფა - თითოეულ კრავზე შვიდ კრავთაგან;
- 30ერთი ვაცი - თქვენს გამოსასყიდად.
- 31მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის გარდა ესენი შესწირეთ მათ სასმლის შესაწირთან ერთად; უნაკლონი უნდა იყვნენ ისინი.
იტვირთება შემდეგი თავი