რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 29

  1. 1
    წმიდა შეკრება გქონდეთ მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს: არავითარი საქმე არ გააკეთოთ; საყვირით მოწოდების დღე იყოს თქვენთვის.
  2. 2
    მოუმზადეთ უფალს სრულადდასაწველი საამო კეთილსურნელებად, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  3. 3
    თან მათი პურეული ძღვენი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილის სამი მეათედი ეფა ზვარაკზე, ორი მეათედი - ვერძზე,
  4. 4
    ერთი მეათედი - თითოეულზე შვიდ კრავთაგან.
  5. 5
    და ერთი თიკანი - ცოდვისთვის შესაწირად, თქვენს გამოსასყიდად.
  6. 6
    დამატებით, ახალი თვის სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმელ შესაწირთან ერთად, თავისი წესისამებრ, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.
  7. 7
    წმიდა შეკრება გქონდეთ მეშვიდე თვის მეათე დღეს; დაიმდაბლეთ თავები და არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
  8. 8
    მიჰგვარეთ სრულადდასაწველი უფალს, საამო კეთილსურნელებად, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  9. 9
    თან ერთვოდეს ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილის პურეული ძღვენი, სამი მეათედი ეფა - მოზვერზე, ორი მეათედი - ერთ ვერძზე,
  10. 10
    ერთი მეათედი - თითოეულ კრავზე შვიდ კრავთაგან.
  11. 11
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, გამოსასყიდ შესაწირსა და მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  12. 12
    წმიდა შეკრება გქონდეთ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შვიდი დღე იზეიმეთ უფლის დღესასწაული.
  13. 13
    მიჰგვარეთ უფალს სრულადდასაწველი საამო კეთილსურნელებად: ცამეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  14. 14
    თან ერთვოდეს ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილის პურეული ძღვენი, სამი მეათედი ეფა - თითოეულ მოზვერზე ცამეტთაგან, ორი მეათედი - თითოეულ ვერძზე ორიდან,
  15. 15
    ეფის მეათედი - თითოეულ კრავზე თოთხმეტთაგან.
  16. 16
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  17. 17
    მეორე დღეს: თორმეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  18. 18
    თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად,
  19. 19
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  20. 20
    მესამე დღეს: თერთმეტი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  21. 21
    თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
  22. 22
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  23. 23
    მეოთხე დღეს: ათი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  24. 24
    თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
  25. 25
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  26. 26
    მეხუთე დღეს: ცხრა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  27. 27
    თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
  28. 28
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  29. 29
    მეექვსე დღეს: რვა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  30. 30
    თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
  31. 31
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  32. 32
    მეშვიდე დღეს: შვიდი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  33. 33
    თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
  34. 34
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  35. 35
    მერვე დღეს კი იდღესასწაულეთ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
  36. 36
    მიჰგვარეთ უფალს სრულადდასაწველი საამო კეთილსურნელებად: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
  37. 37
    თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრისთვის, ვერძისა და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
  38. 38
    და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
  39. 39
    ესენი მოუმზადეთ უფალს თქვენს დღესასწაულებზე, გარდა თქვენი აღთქმებისა და კეთილი ნების შესაწირებისა: თქვენი სრულადდასაწველნი, პურეული ძღვენნი, სასმელები და სამშვიდობო შესაწირები”.
  40. 40
    უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
იტვირთება შემდეგი თავი