რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
- 2"აღრიცხე კეჰათის ძენი ლევის ძეთაგან, მათი ოჯახებითურთ, მათი მამისსახლების მიხედვით.
- 3ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეუძლია, საკრებულო კარავში სამსახურებლად.
- 4ეს არის კეჰათის ძეთა სამსახური საკრებულო კარავში, წმიდათა წმიდაში.
- 5ბანაკის დაძვრისას შევიდნენ აჰარონი და მისი ძენი, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი კრეტსაბმელი და გადააფარონ მოწმობის კიდობანს.
- 6ზედ მაჩვის ტყავის საბურველი დააფარონ, ზემოდან გადააფარონ ცისფერი ქსოვილი და გაუყარონ კეტები.
- 7საწინაშეო პურის მაგიდაზე გაშლიან ცისფერ ქსოვილს და დააწყობენ მასზე ლანგრებსა და კოვზებს, ჯამებსა და საღვრელ ფიალებს, მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.
- 8გაშლიან ზედ ძოწეულ ქსოვილს, გადააფარებენ მაჩვის ტყავის საბურველს და გაუყრიან კეტებს.
- 9აიღებენ ცისფერ ქსოვილს და გადააფარებენ სასანთლეს მისი ლამპრებით, მის მაშებს, აქანდაზებს და მთელ ჭურჭელს მისი ზეთისთვის, რომელთაც მისთვის იყენებენ.
- 10მოათავსებენ მას და მთელ მის ჭურჭელს მაჩვის ტყავის საფარველში და ძელზე ჩამოკიდებენ.
- 11ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ცისფერ ქსოვილს, გადააფარებენ მაჩვის ტყავის საფარველს და კეტებს გაუყრიან.
- 12აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომლითაც საწმიდარში მსახურებენ, დააწყობენ ცისფერ ქსოვილზე, დაბურავენ მაჩვის ტყავის საბურველით და ძელზე ჩამოკიდებენ.
- 13მოაშორებენ სამსხვერპლოს ნაცარს და მასზე წითელისფერ ქსოვილს გაშლიან.
- 14დააწყობენ ზედ ყოველ მის ჭურჭელს, რომლითაც მსახურებენ: აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს და სასხურებლებს - სამსხვერპლოს ყოველ ჭურჭლეულობას; გადააფარებენ მაჩვის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.
- 15როცა დაასრულებენ აჰარონი და მისი ძენი საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლეულის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ კეჰათის ძენი წასაღებად; არ შეეხონ წმიდას, რათა არ მოკვდნენ. ესაა კეჰათის ძეთა ტვირთი საკრებულო კარვიდან.
- 16ელეაზარს, აჰარონ მღვდლის ძეს ევალება ზედამხედველობა: ლამპრის ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივი პურის შესაწირზე და ზეთსაცხებელზე, ზედამხედველობა მთლიანად კარავსა და ყოველივეზე, რაც მასშია, წმიდაზე და მის ჭურჭელზე.
- 17უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
- 18"ნუ მოკვეთავთ კეჰათის საგვარეულოთა ტომს ლევიანთაგან.
- 19ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ იცოცხლონ და არ მოკვდნენ, როდესაც მიუახლოვდებიან ისინი წმიდა საგნებს: შევიდნენ აჰარონი და მისი ძენი და თითოეული მათგანი თავის სამსახურზე, თავის ტვირთთან დააყენონ.
- 20ნუ მივლენ შეფუთული საწმიდრის სახილველად, თორემ დაიხოცებიან”.
- 21უთხრა უფალმა მოსეს:
- 22"აღრიცხე აგრეთვე გერშონის ძენი მათი მამისეული სახლით და მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 23ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეუძლია, საკრებულო კარავში მსახურებისთვის.
- 24ეს გერშონის საგვარეულოს სამსახურია, მსახურებად და ტვირთის სატარებლად.
- 25მათ უნდა ატარონ სავანის და საკრებულო კარვის გადასაფარებლები, მისი საბურველი და მაჩვის ტყავის საბურველი, რომელიც მასზეა ზემოდან და საკრებულო კარვის შესასვლელის კრეტსაბმელი.
- 26ეზოს ფარდები და ეზოს კარიბჭის შესასვლელის ფარდა, რომელიც აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, მათი საბელები, მთელი მათი ჭურჭელი მსახურებისთვის და ყოველივე, რაც მისთვისაა საჭირო, რათა შეძლონ მსახურება.
- 27აჰარონისა და მისი ძეების ბრძანების მიხედვით უნდა სრულდებოდეს გერშონის ძეთა ყოველი მსახურება, ყოველი ტვირთის ტარება და საქმის კეთება; მათ დაავალე ყველაფრის დაცვა, რაც მათი სატარებელია.
- 28ესაა გერშონის ძეთა საგვარეულოს სამსახური საკრებულო კარავში და მათი მოვალეობანი აჰარონ მღვდლის ძის ითამარის მეთვალყურეობით.
- 29აღრიცხე მერარის ძენი მათი საგვარეულოს, მათი მამისსახლის მიხედვით.
- 30აღრიცხე ყველა, ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეუძლია, საკრებულო კარავში მსახურებისთვის.
- 31აი, რისი ტარება ევალებათ მათ საკრებულო კარვის სამსახურში: სავანის ძელების, ურდულების, სვეტებისა და კვარცხლბეკების.
- 32სვეტებისა ეზოს გარშემო, მათი კვარცხლბეკების, პალოების, საბელების, მთელი მათი ჭურჭლისა და აღჭურვილობის; სახელდებით აღრიცხეთ საგნები, რომლებიც მათ უნდა ატარონ.
- 33ეს მერარის ძეთა საგვარეულოს სამსახურია; მათი სამსახური საკრებულო კარავთან აჰარონ მღვდლის ძის ითამარის მეთვალყურეობის ქვეშაა”.
- 34აღრიცხეს მოსემ, აჰარონმა და თემის მთავრებმა კეჰათის ძენი მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით,
- 35ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეეძლო, საკრებულო კარავში სამსახურებლად.
- 36და იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით ორი ათას შვიდას ორმოცდაათი.
- 37ესენი იყვნენ აღრიცხულნი კეჰათის საგვარეულოდან, ყველა, ვინც საკრებულო კარავში მსახურებდა, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით.
- 38და აღრიცხულნი გერშონის ძეთაგან მათი საგვარეულოსა და მამისსახლების მიხედვით:
- 39ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც კი სამსახურში ჩადგა, საკრებულო კარავში მსახურებისთვის;
- 40აღირიცხნენ, მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლის მიხედვით, ორი ათას ექვსას ოცდაათი.
- 41ესენი იყვნენ აღრიცხულნი გერშონის ძეთა საგვარეულოდან, ყველა, ვინც საკრებულო კარავში მსახურებდა, რომლებიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა.
- 42აღრიცხულნი მერარის ძეთა საგვარეულოდან მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით.
- 43ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც კი სამსახურში ჩადგა, საკრებულო კარავში მსახურებისთვის;
- 44იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით სამი ათას ორასი.
- 45ესენი იყვნენ აღრიცხულნი მერარის საგვარეულოდან, რომლებიც უფლის ბრძანებით, აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა, მოსეს ხელით.
- 46ყოველი, ვინც მოსემ, აჰარონმა და ისრაელის მთავრებმა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით აღრიცხეს,
- 47ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც კი სამსახურში ჩადგა, რათა საკრებულო კარვის ზიდვის მსახურება გაეწია,
- 48აღრიცხული იქნა და რვა ათას ხუთას ოთხმოცი შეადგინა.
- 49უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით აღრიცხეს ისინი - თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთზე დადგა; და აღირიცხა თითოეული, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
იტვირთება შემდეგი თავი