რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1უთხრა უფალმა მოსეს:
- 2"უბრძანე ისრაელიანებს, რომ ყოველი კეთროვანი, ლორწომდინარი და მიცვალებულით გაუწმიდურებული გაუშვან ბანაკიდან.
- 3ბანაკის გარეთ გაუშვით მამაკაციც და დედაკაციც, რათა არ შებილწონ თავისი ბანაკი, რომელშიც მე ვიმყოფები”.
- 4ასე მოიქცნენ ისრაელიანები და გაუშვეს ისინი ბანაკის გარეთ: როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ.
- 5უთხრა უფალმა მოსეს:
- 6"უთხარი ისრაელიანებს: როცა კაცი ან ქალი რომელიმე ადამიანურ ცოდვას ჩაიდენს და უფალს არ უერთგულებს, დამნაშავეა:
- 7აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, მთლიანად ზღოს თავისი ცოდვა და ზედ მეხუთედი წილიც მიუმატოს მას, რომლის მიმართაც შესცოდა.
- 8თუ იმ კაცს მემკვიდრე არ ჰყავს, რათა ანაზღაურდეს დანაკარგი, მაშინ ცოდვის საზღაური უფალს ეკუთვნის; მღვდლისა იყოს იგი, გარდა ცოდვის გამოსასყიდი ვერძისა, რომლითაც გამოისყიდის მას.
- 9ისრაელიანთა მთელი შესაწირი ყოველ წმიდად შერაცხულთაგან, რომელსაც მღვდელს მიუტანენ, მას ეკუთვნის;
- 10თითოეული წმიდა შესაწირი მას ეკუთვნის; თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის”.
- 11და უთხრა უფალმა მოსეს:
- 12"ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ რომელიმე კაცის ცოლი წავიდა და უღალატა მას,
- 13დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,
- 14მაგრამ ეჭვიანობის სული ეწვევა ქმარს და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, ცოლი კი შებილწულია; ან ეწვია სული ეჭვიანობისა და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, თუმცა არ შებილწულა იგი;
- 15დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.
- 16მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს უფლის წინაშე.
- 17აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭელში და მიწას, სავანის ძირიდან და ჩაყრის მიწას მღვდელი იმ წყალში.
- 18დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, გაუშიშვლებს თავს და ხელში ჩაუდებს მოსაგონარ და ეჭვიანობის შესაწირს, ხოლო დამლახვრელი მწარე წყალი მღვდლის ხელში იქნება.
- 19დააფიცებს მას მღვდელი და ეტყვის ქალს: თუ არ დაწოლილა შენთან კაცი, არ შებილწულხარ და არ გიღალატია ქმრისთვის, მაშინ უვნებელ იყავ ამ მწარე დამლახვრელი წყლისგან.
- 20ხოლო თუ უღალატე ქმარს, შეიბილწე და თესლდენით იწვა შენთან სხვა მამაკაცი,
- 21წყევლით დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის: დაე, გადაგცეს უფალმა წყევლასა და კრულვას შენს ხალხში, გაილიოს შენი თეძო უფლისგან და გაგისივდეს მუცელი;
- 22შევა ეს დალახვრული წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დამბლა დასცეს შენს თეძოს. და იტყვის ქალი: ამინ, ამინ!
- 23ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში და ჩამორეცხოს მწარე წყლით.
- 24დაალევინოს ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამაწყევარი წყალი და გამწარდება.
- 25აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის შესაწირი, შეარხიოს იგი უფლის წინაშე და მიიტანოს სამსხვერპლოსთან;
- 26აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირისგან, მისი მოსაგონარი წილი და აღავლინოს სამსხვერპლოზე, მერე კი დაალევინოს ქალს ის წყალი.
- 27როცა შეასმევს წყალს, თუ შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, მაშინ გამწარდება მასში დამაწყევარი წყალი და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება თეძო და წყეული იქნება თავის ხალხში.
- 28ხოლო თუ არ შებილწულა და სუფთაა იგი, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.
- 29ასეთია ეჭვიანობის რჯული, როცა წავა ქალი, უღალატებს თავის ქმარს და შეიბილწება;
- 30ან როცა ეჭვიანობის სული დაეუფლება მამაკაცს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ წარადგენს ქალს უფლის წინაშე და აღასრულებს ყოველივეს მღვდელი ამ რჯულისამებრ.
- 31და იქნება ქმარი დანაშაულისგან თავისუფალი, ქალი კი - თავისი ცოდვის მტვირთველი”.
იტვირთება შემდეგი თავი