რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1უთხრა უფალმა მოსეს:
- 2ელაპარაკე აჰარონს და უთხარი: "ლამპრებს რომ აანთებ, სასანთლის წინ, შვიდი ლამპარი ანათებდეს”.
- 3ასე გააკეთა აჰარონმა: ისე აანთო ლამპრები, რომ სინათლე სასანთლის წინ ანათებდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 4ასეთი ნაკეთობის იყო სასანთლე: ნაჭედი ოქროსი იყო; ღეროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო. ისეთი გააკეთა სასანთლე, როგორც უჩვენა უფალმა მოსეს, ისე გააკეთა იგი.
- 5უთხრა უფალმა მოსეს:
- 6"გამოიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთაგან და გაწმიდე ისინი.
- 7ასე მოიქეცი, რომ გაწმიდო ისინი: აპკურე მათ გამწმენდი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ სამოსელი და განიწმიდებიან.
- 8აიყვანონ ნორჩი მოზვერი და პურეული ძღვენი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი და მეორე ნორჩი მოზვერი ცოდვის შესაწირად.
- 9მიიყვანე ლევიანები საკრებულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელის ძეთა მთელი თემი.
- 10წარადგინე ლევიანები უფლის წინაშე და ხელები დაასხან ლევიანებს ისრაელის შვილებმა.
- 11წარადგენს აჰარონი ლევიანებს შესარხევ შესაწირად ისრაელის ძეთაგან უფლის წინაშე, რათა შეასრულონ მათ უფლის მსახურება.
- 12დაასხამენ ხელებს ლევიანები მოზვრებს თავზე და შესწირე ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისთვის, ლევიანთა გამოსასყიდად.
- 13დააყენე ლევიანები აჰარონის წინაშე და მისი ძეების წინაშე და წარადგინე ისინი შესარხევ შესაწირად უფლისთვის.
- 14გამოყავი ლევიანები ისრაელის შვილებიდან და ჩემი საკუთრება იქნებიან ისინი.
- 15ამის შემდეგ შევლენ ლევიანნი სამსახურებლად საკრებულო კარავში, გაწმიდე ისინი და წარადგინე შესარხევ შესაწირად.
- 16რადგან ისრაელის შვილებიდან მომეცა ისინი, ყოველი საშოს გამღების, ისრაელის შვილთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ავიყვანე ისინი ჩემთვის.
- 17რადგან ჩემია ისრაელის შვილთა ყოველი პირმშო, ადამიანიდან პირუტყვამდე; იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის გამოვყავი ისინი;
- 18და ავიყვანე ლევიანები ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან.
- 19მივეცი ლევიანები აჰარონსა და მის ძეებს ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ მსახურება ისრაელიანთათვის საკრებულო კარავში და შესწირონ მათთვის გამოსასყიდი; რათა არ იყოს ისრაელიანთა შორის მომსვრელი სენი, როცა კი მიეკარებიან საწმიდარს”.
- 20ასე გააკეთეს მოსემ, აჰარონმა და ისრაელიანთა მთელმა თემმა ლევიანთათვის; ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელიანებმა.
- 21განიწმიდნენ ლევიანები, გაირეცხეს სამოსელი და წარადგინა ისინი აჰარონმა უფლის წინაშე, როგორც ძვირფასი შესაწირი და შესწირა გამოსასყიდი აჰარონმა, რათა განეწმიდა ისინი.
- 22ამის შემდეგ შევიდნენ ლევიანები თავისი მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავში აჰარონისა და მისი ძეების წინაშე. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე მოექცნენ.
- 23უთხრა უფალმა მოსეს:
- 24"ესაა კანონი ლევიანთათვის: ოცდახუთი წლიდან მოყოლებული და უფროსი უნდა შეუდგეს საკრებულო კარავში სამსახურს.
- 25მაგრამ ორმოცდაათი წლის ასაკიდან უნდა შეწყვიტოს სამსახური და აღარ იმსახუროს.
- 26მხოლოდ მიეხმარონ თავიანთ ძმებს საკრებულო კარვის სიწმიდეების დაცვაში, ოღონდ სამსახურს ნუ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუდგინე ლევიანებს”.
იტვირთება შემდეგი თავი