ფილიპელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,
- 2სრულქმენით ჩემი სიხარული: ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი.
- 3არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
- 4თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
- 5ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია,
- 6მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა,
- 7არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა.
- 8აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.
- 9ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.
- 10რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ;
- 11და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
- 12ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,
- 13რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.
- 14ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ.
- 15რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;
- 16სიცოცხლის სიტყვის მპყრობელნი, რათა დავიკვეხნო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.
- 17მაგრამ, თქვენი რწმენის მსხვერპლად და სამსახურადაც რომ დავიღვარო, მიხარია და თანაზიარი ვარ თქვენი სიხარულისა.
- 18ჰოდა, თქვენც გაიხარეთ და გაიზიარეთ ჩემი სიხარული.
- 19ვიმედოვნებ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
- 20ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოაზრე, მასავით მუყაითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
- 21რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.
- 22თქვენ კი იცით რომ გამოიცადა იგი, რადგან როგორც შვილი მამასთან, ისე შრომობდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.
- 23იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე.
- 24დარწმუნებული ვარ უფალში, რომ თავადაც მალე მოვალ თქვენთან.
- 25საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემი საჭიროებისთვის.
- 26რადგანაც ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და დარდობდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა.
- 27ვინაიდან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა იგი და არა მარტო იგი, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ მქონოდა.
- 28ამიტომ მწყუროდა მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც დარდი მომკლებოდა.
- 29აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს.
- 30ვინაიდან ქრისტეს საქმისთვის საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე და სიკვდილს მიუახლოვდა, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის უკმარისობა.
იტვირთება შემდეგი თავი