ფილიპელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1და ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. ამის მოწერა თქვენდამი საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
- 2ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ავ მუშებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
- 3რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.
- 4თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე - მით უმეტეს.
- 5წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,
- 6ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.
- 7მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.
- 8ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;
- 9და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,
- 10რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,
- 11რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
- 12არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.
- 13ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
- 14ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
- 15ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
- 16ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
- 17ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
- 18ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
- 19მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
- 20ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,
- 21რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.
იტვირთება შემდეგი თავი