ფილიპელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო!
  2. 2
    ევოდიასა და სვინტიქეს შევ­აგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
  3. 3
    შენ კი, ჩემო ერთგულო თანამშრომელო, შენც გთხოვ დაეხმარო ამ დებს, რომელნიც ჩემთან ერთად იღწვოდნენ სახარებით, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია.
  4. 4
    მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!
  5. 5
    თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისთვის. ახლოა უფალი.
  6. 6
    არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,
  7. 7
    და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
  8. 8
    და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.
  9. 9
    რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
  10. 10
    მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ცდილობდით ზრუნვას, მაგრამ ვერ ახერხებდით.
  11. 11
    გაჭირვების გამო არ ვამბობ ამ­ას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს.
  12. 12
    ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.
  13. 13
    ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.
  14. 14
    ხოლო თქვენ კარგად მოი­ქე­ცით, ჭირში რომ მეზიარეთ.
  15. 15
    თქვენ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაწყისში, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება-გაცემაში, თქვენს გარდა.
  16. 16
    თესალონიკეშიც გამომიგზავნ­ეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ.
  17. 17
    არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება.
  18. 18
    ყოველივე მივიღე და უხვად მაქვს; კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროტიდესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.
  19. 19
    ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.
  20. 20
    ხოლო ჩვენს ღმერთს და მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
  21. 21
    მოიკითხეთ ყოველი წმიდანი ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
  22. 22
    მოგიკითხავთ ყველა წმიდა, უფ­რო მეტად კი კეისრის სახლე­ულიდან.
  23. 23
    უფალ იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ამინ!