იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა.
- 2სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად;
- 3ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად;
- 4გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად.
- 5მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და - დაკვალიანდება;
- 6იგავის, ქარაგმის, ბრძენთა სიტყვებისა და არაკების გასაგებად.
- 7უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.
- 8ისმინე შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
- 9რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე და სამკაული შენს ყელზე.
- 10შვილო, თუ შეეცდებიან ცოდვილნი შენს შეცდენას, ნუ დაჰყვები მათ ნებას.
- 11რომ გითხრან: წამოგვყევი, ჩავუსაფრდეთ სისხლის დასაღვრელად, უდანაშაულოს უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ,
- 12ქვესკნელივით ჩავყლაპოთ ისინი, ცოცხლად და მთლიანად, სამარეში ჩამსვლელთა მსგავსად,
- 13ყოველგვარ ძვირფასეულობას მოვიპოვებთ, ნადავლით ავივსებთ სახლებს,
- 14ჩვენთან იყარე წილი, ერთი ქისა გვექნება ჩვენ ყველასო!
- 15შვილო, ნუ ივლი მათ გზაზე, აარიდე ფეხი მათ გზასავალს,
- 16რადგან მათი ფერხნი ბოროტების ჩასადენად გარბიან და სისხლის საღვრელად ისწრაფიან;
- 17ვინაიდან, ამაოებაა ფრინველის თვალწინ ბადის გაშლა;
- 18ხოლო ისინი საკუთარი სისხლის საღვრელად საფრდებიან და თავიანთი სიცოცხლის წასაგებად დარაჯობენ.
- 19ასეთია გზა ყველა ძალადობით მომხვეჭელისა, სიცოცხლეს ართმევს მის პატრონს*.
- 20სიბრძნე ქუჩაში გასძახის, მოედნებზე იმაღლებს ხმას.
- 21ხალხმრავალ ადგილებში ღაღადებს, კარიბჭესთან, ქალაქში ამბობს თავის სათქმელს:
- 22"როდემდე გეყვარებათ მიამიტნო გულუბრყვილობა? როდემდე დატკბებით დაცინვით დამცინავნო? როდემდე გეძულებათ ცოდნა ბრიყვებო?
- 23მიუბრუნდით ჩემს შეგონებებს; აჰა, ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
- 24რადგან გიხმობდით და უარმყოფდით, ხელს ვიწვდენდი და არავინ ისმენდით;
- 25უკუაგდეთ ჩემი რჩევები; ყური არ ათხოვეთ ჩემს შეგონებებს.
- 26მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე და დაგცინებთ, როცა აგიტანთ ძრწოლა.
- 27როცა ქარიშხალივით მოგეწევათ, რისიც გეშინოდათ და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა ჩაცვივდებით განსაცდელსა და გაჭირვებაში.
- 28მაშინ მომიხმობენ და არ ვუპასუხებ, ძიებას დამიწყებენ, მაგრამ ვერ მიპოვიან.
- 29რადგან ცოდნა სძულდათ და უფლის შიში არ აირჩიეს,
- 30არ მიიღეს ჩემი რჩევა და მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება.
- 31იგემებენ თავიანთი გზების ნაყოფიდან და მათივე ბოროტი ზრახვებით დანაყრდებიან.
- 32ვინაიდან გულუბრყვილოებს განდგომილება მოკლავს და ბრიყვებს - არხეინობა;
- 33ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და ბოროტების შიშის გარეშე მოისვენებს”.
იტვირთება შემდეგი თავი