იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ და ჩემს მცნებებს გულში დაიუნჯებ,
  2. 2
    სიბრძნეს ყურს მიაპყრობ და გონიერებისკენ მიმართავ გულს,
  3. 3
    თუ საზრიანობას მოუხმობ და გონიერებისთვის აიმაღლებ ხმას,
  4. 4
    თუ ვერცხლივით მოიძიებ მას და დაფარული განძივით დაუწყებ ძებნას,
  5. 5
    მაშინ ჩაწვდები უფლის მოშიშებას და ღვთის შემეცნებას მოიპოვებ.
  6. 6
    რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გონიერება.
  7. 7
    სიბრძნეს უნახავს მართლებს, ფარია იგი უბიწოდ მოარულთათვის,
  8. 8
    რადგან თვალყურს ადევნებს სამართლის ბილიკებს და იცავს ღვთისმოსავთა გზას.
  9. 9
    მაშინ მიხვდები - რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყველა ბილიკი სიკეთისა;
  10. 10
    როდესაც სიბრძნე შევა შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს,
  11. 11
    გამჭრიახობა დაგიცავს და გონიერება შეგინახავს,
  12. 12
    რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან,
  13. 13
    სწორი ბილიკების მიმტოვებელთაგან, სიბნელის გზებით რომ დადიან,
  14. 14
    ბოროტების კეთებით ხარობენ და ბოროტეულთა უკუღმართობა სიამოვნებთ,
  15. 15
    რომელთა გზებიც მრუდეა და ბილიკები - უკუღმართი,
  16. 16
    რათა გიხსნას უცხო ქალისგან, უცხოტომელისგან, რომლის ნათქვამიც ლაქარდიანია,
  17. 17
    რომელმაც მიატოვა სიყრმის მეგობარი და თავისი ღმერთის აღთქმა დაივიწყა.
  18. 18
    მისი სახლი სიკვდილში იძირება და მისი ბილიკები მკვდრებისკენ მიემართება.
  19. 19
    უკან არავინ ბრუნდება მასთან შემსვლელთაგან და ვეღარ დგება სიცოცხლის ბილიკებზე.
  20. 20
    შენ კი კეთილთა გზით იარე და მართალთა ბილიკებზე იფხიზლე,
  21. 21
    ვინაიდან, წრფელნი დამკვიდრდებიან ქვეყანაზე და უმწიკვლონი დარჩებიან მასში,
  22. 22
    ბოროტნი კი მოიკვეთებიან ქვეყნიდან და მოღალატენი აღმოიფხვრებიან.
იტვირთება შემდეგი თავი