იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 10

  1. 1
    იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
  2. 2
    სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
  3. 3
    არ დაამშევს მართალ კაცს უფალი, უკეთურთა გულისწადილს კი ხელს კრავს.
  4. 4
    ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
  5. 5
    ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.
  6. 6
    მართლის თავზე კურთხევაა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
  7. 7
    კურთხეულია მართლის სახსენებელი, ბოროტეულთა სახელი კი დალპება.
  8. 8
    გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგეუგუნური დაეცემა.
  9. 9
    უმწიკვლოდ მოარული უსაფრთხოდ დადის, ხოლო თავისი გზის გამამრუდებელი გამომჟღავნდება.
  10. 10
    თვალის ჩამკვრელი ტკივილს იწვევს და ბაგეუგუნური დაეცემა.
  11. 11
    მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
  12. 12
    სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
  13. 13
    ბოროტისა და კეთილის განმასხვავებლის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი - ჯოხი.
  14. 14
    ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი დაღუპვასთანაა ახლოს.
  15. 15
    მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია, ღარიბთა სიღატაკე კი მათი ნანგრევები.
  16. 16
    მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.
  17. 17
    დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
  18. 18
    სიძულვილის დამმალავს ცრუ ბაგეები აქვს; ჭორის გამავრცელებელი ბრიყვია.
  19. 19
    ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
  20. 20
    მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულის გული კი არად ფასობს.
  21. 21
    მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
  22. 22
    უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და დარდი არ მოყვება მას.
  23. 23
    ბრიყვის გართობა ბოროტის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
  24. 24
    უკეთურს ის შეემთხვევა, რისაც ეშინია, მართალს კი საწადელი აუსრულდება.
  25. 25
    გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართლის საძირკველი კი საუკუნოა.
  26. 26
    რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
  27. 27
    უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.
  28. 28
    მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.
  29. 29
    უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება.
  30. 30
    საუკუნოდ არ შეირყევა მართალი, ბოროტეული კი ვერ დამკვიდრდება ქვეყანაზე.
  31. 31
    მართლის პირიდან სიბრძნე მოედინება, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.
  32. 32
    მართლის ბაგეთ სიკეთე მოაქვს, უკეთურისას კი უკუღმართობა.
იტვირთება შემდეგი თავი